საპრეზიდენტო არჩევნები 2013

მარგველაშვილი: არ იქნება მეორე ტური, პირველივე ტურში ჩვენ გავიმარჯვებთ

გიორგი მარგველაშვილი

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს გორში შეკრებილ მხარდამჭერებს პრემიერმა ივანიშვილმა წარუდგინა. პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოში რამდენიმე დღეში პირველი ევროპული ტიპის არჩევნები ჩატარდება და მას ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს ”მანიაკალური სწრაფვა ძალაუფლებისკენ”. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ იქნება.

"მას აქვს ვალდებულების გრძნობა, რომ შეუძლია თქვენ გემსახუროთ და მოემსახუროს თავის ქვეყანას. გარწმუნებთ, გიორგის აქვს ყველა ის ღირსება და თვისება, რაც სჭირდება კარგ პრეზიდენტს. მეორე ტური არ იქნება! გიორგი ღირსეულად გაიმარჯვებს პირველ ტურში. ამიტომ, ნუ დაიზარებთ და ყველა მოდით არჩევნებზე. აუცილებელია დიდი მუხტის შექმნა და გიორგის ღირსეული გამარჯვებით უნდა ვაჩვენოთ ჩვენი გაერთიანების დიდი ძალა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორად ვაფასებთ ახალი ხელისუფლების სტრატეგიას," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმაც იგივე განაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ მოხდა ”საოცრება” და იქნება მეორე ტური, ის მასში მონაწილეობას არ მიიღებს. 

"მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია ნოქალაქევში გავხსენით, ჩვენი პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან დავიწყეთ გორიდან და აქედან შემოვუარეთ მთელ საქართველოს. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც ჩვენ მივიღეთ მუხტი მომავალი გამარჯვებისთვის... ქართველი არასდროს გამოკლებია თავისი ქვეყნის თავისუფლების შენებას. ამიტომაც ძალიან მტკიცედ ვაცხადებთ: არ იქნება მეორე ტური, პირველივე ტურში ჩვენ გვექნება გამარჯვება და ვისაც დღეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მეორე ტური არ იქნება, დღესვე გიდასტურებთ - თუ მოხდება საოცრება და იქნება მეორე ტური, მე მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ, რომ პირველ ტურში ვიმარჯვებ და ეს უნდა იცოდეს ყველამ!", - განაცხადა კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კომენტარები