საპრეზიდენტო არჩევნები 2013

მარგველაშვილი: ვერ ვხედავ აზრს, მეორე ტურში მონაწილეობა მივიღო

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ არჩევნების პირველივე ტურში მან არ გაიმარჯვა, მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ეს არჩევნები გაგრძელდება იმით, რომ ქართული საზოგადოება 27 ოქტომბერს ხმას მისცემს იმ გზას, რომელიც დაისახა გასულ წელს, ხმას მისცემს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და მე, როგორც მის საპრეზიდენტო კანდიდატს. პირველ ტურში ეს დასრულდება, მეორე ტური არ იქნება, იმიტომ, რომ არსებული სტატისტიკით ეს შეუძლებელია. მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე არ მივიდა, ვეღარ ვხედავ აზრს იმაში, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მივიღო", - თქვა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია. "ჩემთვის შეურაცხმყოფელია კითხვის დასმა, უნდა თუ არა საზოგადოებას იმ სისტემის არსებობა, რაც საქართველოში ერთი წლის წინ იყო. თუ ვინმე ამისთვის მზად არის, ხელს არ შევუშლით", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილს მონაწილეობას არ ურჩევს.

კომენტარები