ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

თბილისის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს თანადგომას უცხადებს

tbilisi.gov.ge

თბილისის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს თანადგომას უცხადებს. როგორც დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოს განცხადებაში წერია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა მერიას დღეს მიმართეს და 27 სექტემბერს თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვის ნებართვა ითხოვეს. 

"მათი პროტესტი გამოიწვია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილისა და უმრავლესობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამიდან 10 მილიონი ლარის ამოღების თაობაზე, რის გამოც შეუძლებელი გახდა საცხოვრებელ კორპუსებში უკვე დაგეგმილი ასეულობით ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განმარტავს, რომ იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აღნიშნულ საკითხზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნას და მზადაა მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი რესურსი გამოიყენოს მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც წარმოიქმნა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის სრულიად გაუცნობიერებელი გადაწყვეტილებით და რომელმაც ამხანაგობების ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხში თბილისის რაიონების გამგეობების სრული პარალიზება გამოიწვია. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით თბილისის ბიუჯეტის შესაბამისი მუხლიდან ამოღებული 10 მილიონი ლარი განკუთვნილი იყო ამხანაგობებისათვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის. საგულისხმოა, რომ ქალაქის საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით უკვე სექტემბრიდან თბილისის რვა რაიონის გამგეობა საერთოდ ვეღარ ახერხებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას, რამაც უდავოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა თბილისის მაცხოვრებლები", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების ნაწილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. მათ ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ ყველა ბინათმესაკუთრეების ამხანაგობის წევრებს მოუწოდეს.

კომენტარები