ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

ირაკლი შიხიაშვილი: რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, 27 ოქტომბრამდე თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას კანონი კრძალავს. როგორც შიხიაშვილმა ჟურნალისტებს საკრებულოს დღევანდელი ხმაურიანი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, უმცირესობის წევრ მამუკა ახვლედიანს შეუძლია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამების ბიუჯეტის საკითხი საკუთარი ფრაქციის სხდომაზე დააყენოს. 

"საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან თბილისის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების დაფინანსების ახალი წესის დამტკიცების შემდეგ შეიძლება. 27 ოქტომბრამდე კი, თბილისის ბიუჯეტში ცვლილებას არა მე, არამედ კანონი კრძალავს", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია. მისი თქმით, თბილისის მერმა უნდა დაამთავროს "ეს მასკარადი და ცირკი". შიხიაშვილმა გიგი უგულავა საზოგადოების დაპირისპირებაშიც დაადანაშაულა.

ცნობისთვის, დღეს საკრებულოს შენობის წინ გამართულ აქციაზე საკრებულოს უმცირესობის წევრმა მამუკა ახვლედიანმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ რიგგარეშე სხდომა საკრებულოში 10 დღეში გაიმართება და თბილისის მერია ბინათმენასაკუთრეთა პროგრამების ბიუჯეტს გაზრდის.

"მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს 10 დღეში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელიც მიეძღვნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამული პროექტების განახლების, დაფინანსებისა და აღდგენის საკითხების განხილვას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისის მერია გამონახავს დამატებით საშუალებას, რომ ამ პროექტებში დამატებითი თანხები გამოიყოს, რაც პროექტების გაგრძელების საშუალებას მოგვცემს. შემდგომ თბილისის საკრებულომ ეს უნდა ასახოს ბიუჯეტში", - თქვა ახვლედიანმა

კომენტარები