ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

შიხიაშვილი: ამხანაგობების თავმჯდომარეებს გაწეული შრომის მიხედვით წავახალისებთ

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები ფინანსურ წახალისებას, სავარაუდოდ, დეკემბერში მიიღებენ. როგორც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, შიხიაშვილმა აღნიშნა, წახალისების წესი ჯერ არ დაზუსტებულა და ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად შემუშავდება. მისი თქმით, ამხანაგობების თავმჯდომარეები მათ მიერ გაწეული საქმიანობის მიხედვით წახალისდებიან.

ბინათმესაკუთრეთა ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარის ნინო ბურდულის განცხადებით, თავმჯდომარეები ყოველკვარტალურად შეავსებენ აღრიცხვის ბარათს. მასში აისახება - თუ რა არის კორპუსში გასაკეთებელი. ამის მიხედვით გამოიყოფა თანხა თბილისის ბიუჯეტიდან, რათა ამხანაგობის მიერ დასახელებული პრობლემები მოგვარდეს. აღრიცხვის ბარათებითვე აუნაზღაურდებათ შრომა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ ხაჩირაშვილის თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის ფურცელი იქნება საზომი, რომელმა ამხანაგობამ რა გააკეთა, რამდენად იყო ჩართული თავისი უბნის ამხანაგობის პროგრამებში და თითოეული ამხანაგობის თავმჯდომარის შრომა ანაზღაურდება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 50-მდე თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრას საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. 

კომენტარები