ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს კვარტალში ერთხელ წაახალისებენ

timer.ge

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შესრულებული სამუშაოსთვის კვარტალში ერთხელ 300 ლარამდე თანხით წაახალისებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხს მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა, ორი კი, წინააღმდეგი იყო.

საკრებულოს საქალაქო მეურნეობისა და ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის ნიკო ხაჩირაშვილის განმარტებით, ყოველი თვის 15 რიცხვში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებმა უნდა წარმოადგინონ აღრიცხვის ბარათი, სადაც აღნიშნული იქნება კორპუსთან განსახორციელებელი სამუშაოები. კვარტალში ერთხელ კი, გამგეობის სხდომაზე ამ შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს ფინანსურად წაახალისებენ. ეს თანხა იქნება არა უმეტეს 300 ლარი.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებაც. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამისათვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისებისთვის მათ 4 მილიონი ლარი მოითხოვეს, თუმცა შემდეგ ჩათვალეს, რომ საკმარისი იქნება 3 მილიონი ლარი, რომელსაც მერია ამ მიზნით გამოყოფს. კორპუსების პროგრამებისთვის აღნიშნული 3 მილიონიდან დაახლოებით 1 500 000 ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისებას მოხმარდება, დანარჩენი კი, კორპუსებში განსახორციელებელ პროგრამებს.

უმცირესობის წევრი, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილი მიესალმება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების ახალი წესის შემოღებას, თუმცა მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ძველი წესის გაუქმებამდე, წახალისების ალტერნატიული წესი დაემტკიცებინათ.

კომენტარები