რელიგიის თავისუფლება

მუსლიმები აქციას მართავენ და ივანიშვილს დანაპირების შესრულებას სთხოვენ

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მუსლიმების აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით - ”თავისუფლება პატიმარ მინარეთს”. მუსლიმები ასე გამოხატავენ პროტესტს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, საბაჟოს მიერ მინარეთის დემონტაჟის გამო. მუსლიმი ქართველები მინარეთის დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვენ. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ აქციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მუსლიმების უფლებები საქართველოს სახელმწიფომ უნდა დაიცვას.

”ინტერპრესნიუსის” ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუსლიმებს მეჩეთის აშენებას დაპირდა, თუმცა დანაპირები არ შესრულდა.

"რასაც ბიძინა ივანიშვილი ერთი წლის წინ მუსლიმ მრევლს დაპირდა, უნდა შეასრულოს. დღეს ვხედავთ, რომ ეს დანაპირები მინარეთის ნგრევით სრულდება. გვაბრალებენ თაღლითობას, თითქოს უკანონოდ შემოვიტანეთ მინარეთის მასალა, ამბობენ, რომ ერთ ღამეში საიდუმლოდ ავაშენეთ მინარეთი. ერთ ღამეში არ შენდება ასეთი მინარეთები. მის ასაშენებლად 4 დღე-ღამე დაგვჭირდა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებების დასაცავად და მოვითხოვთ მინარეთის დაბრუნებას ", - თქვა მუფთმა.

კომენტარები