საქართველო-ევროკავშირი

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ევროპის სახალხო პარტიის წევრებს შეხვდნენ

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, გიორგი ბარამიძე, გიორგი კანდელაკი, ირაკლი ქავთარაძე და თინათინ ბოკუჩავა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის წევრებს, გუნარ ჰოკმარკსა და იოაჰიმ ცელერს შეხვდნენ. 
პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ბარამიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ სვლა NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. 
"ამასთან, ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა შეძლოს ნაციონალურმა მოძრაობამ ნაყოფიერი თანამშრომლობა მთავრობასთან, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, რომ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და დავეხმაროთ ჩვენს პარტიას, გახდეს კიდევ უფრო სტრუქტურირებული, უფრო მეტი ადამიანი მოვიზიდოთ, უფრო საინტერესო ადამიანები, რათა მომავალ საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ მეტ წარმატებას მიაღწიოს. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდში იქნებიან", - განაცხადა ბარამიძემ. 
პარლამენტის ვიცესპიკერის განმარტებით, ნაციონალურ მოძრაობას არ სურს ხელისუფლების მარცხი. ამ კონტექსტში, ბარამიძე ევროპის სახალხო პარტიის და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიზეზი, რის გამოც ეს განცხადება გაკეთდა, აღმოიფხვრას და საქართველომ გააგრძელოს წინსვლა. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან იმ მიღწევებისგან, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მოვიპოვეთ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ გვსურს ამჟამინდელმა მთავრობამ მიაღწიოს წარმატებას და არ ვუყურებთ საქმეს ისე, რომ რადგან ოპოზიცია ვართ, გვინდა მთავრობამ მარცხი განიცადოს. მთავრობის წარმატება იქნება საქართველოს წარმატება, რითაც მოგებული დარჩება საქართველოს თითოეული მოქალაქე", - აღნიშნა ბარამიძემ. 
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის დელეგაციის წევრმა იოაჰიმ ცელერმაც. მისი თქმით, ყოფილმა მთავრობამ უნდა იამაყოს, რომ საქართველო ძალიან ახლოს მიიყვანა ევროპის კავშირთან და დასძინა, რომ ახალი გუნდმაც იგივე გზა უნდა გააგრძელოს. 
"საქართველო ჩვენთვის მთავარ როლს თამაშობს ამ რეგიონში და ყოფილმა მთავრობამ უნდა იამაყოს, რომ ქვეყანა ძალიან ახლოს მიიყვანა ევროპის კავშირთან. ეს გზა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ აქ, ევროპის სახალხო პარტიის წევრები მზიანი ამინდის გამო კი არა, სწორედ იმიტომ ვართ, რომ ვაჩვენოთ საქართველოსთან, თქვენს პარტიასთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობა და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს და ევროკავშირის ბედნიერი მომავლისთვის", - განაცხადა ცელერმა. 

კომენტარები