სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

8 საათის მონაცემებით, სომხეთში საარჩევნო დანაშაულების გამო 59 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

AFP via Getty Images

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 20:00 საათის მონაცემებით 7 ივნისს საარჩევნო დანაშაულებთან დაკავშირებით 59 სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული

პარალელურად, სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, 7 ივნისს სისხლის სამართლის საქმე 33 ადამიანის მიმართ აღიძრა, რომელთაგან 28 დააკავეს. 

საგამოძიებო კომიტეტის მიხედვით, 30 საქმე განმეორებით ხმის მიცემას ეხება, 17 საქმე ხმის ფარულობის დარღვევის მუხლით არის აღძრული, 3 საქმე კი ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ეხება, ხოლო 9 საქმე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გამოყენებისთვის, საარჩევნო კომისიების მუშაობისთვის ან არჩევნებში მონაწილე პირების უფლებების ან ვალდებულებების შესრულებისთვის ხელშეშლის მუხლით არის აღძრული.

ცნობისთვის, სომხეთის მმართველი პარტიის, "სამოქალაქო კონტრაქტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსულ ოპოზიციურ პარტიას, "ძლიერ სომხეთს" ხმების 17.5% აქვს.

შეგახსენებთ, რომ 20:00 საათზე სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ხმების დათვლა დაიწყო.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო.

სომხეთის წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მონაწილეობა მოსახლეობის 49.4%-მა მიიღო.

კომენტარები