საქართველო-ევროკავშირი

დავით ზალკალიანი: როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასეთი თამაში მიუღებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი პარლამენტის ვიცესპიკერ გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ბარამიძემ, დღეს, 14 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. 
"ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ჩვენ 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, პრაქტიკულად ტექსტის 80 პროცენტი გვქონდა შეთანხმებული. ძალიან კარგია, რომ მოლაპარაკებების პროცესი არ არის გაჩერებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმებულ ტექსტს ხელი აუცილებლად მოეწერება. შესაძლოა, შეთანხმებულ ტექსტზე ხელმოწერას ხელი შეეშალოს, თუ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს", - განაცხადა ბარამიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებით წინსვლა სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში დაფიქსირდა.  
"ბევრი ის საკითხი, რაზეც დიდი დრო დაიხარჯა წინა რაუნდებზე, სწორედ ამ ბოლო ორ რაუნდზე შეთანხმდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვილნიუსის სამიტამდე დარჩენილ რაუნდებზე საბოლოო შეთანხმება მიიღწევა. მინდა, მოვუწოდო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ნუ ცდილობენ ასეთი მგრძნობიარე საკითხით სპეკულირებას და ამ თემის პოლიტიკური, თუ პიარმიზნებისთვის გამოყენებას, რადგან ასეთი მიდგომა არასერიოზული და მიუღებელია", - განაცხადა ზალკალიანმა. 
ზალკალიანის თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, "ასეთი თამაში მიუღებელია". 

კომენტარები