ევრონესტის დელეგაცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს შეხვდა. საგანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. მან ევრონესტის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარებისთვის სწორი, ობიექტური და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ყველაზე მთავარია.
"სამწუხაროდ, გამოვიტანე დასკვნა, რომ ზოგ შემთხვევაში, მათ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ გაზვიადებული წარმოდგენა აქვთ. არ მიკვირს, რადგან ის პიარმანქანა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა, დღევანდელ უმცირესობასაც აქვს. ამიტომ, უცხოეთში ჯერ კიდევ გარკვეული ილუზია იქმნება", - აღნიშნავს საგანელიძე.
მისი თქმით, სტუმრებს აინტერესებდათ, საქართველოს საგარეო კურსი ევროპიდან ჩრდილოეთისკენ ხომ არ შეიცვალა.
"არაერთხელ მითქვამს და შეხვედრაზეც გავიმეორე, რომ მათი ასეთი წარმოდგენა არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგია. ქართულმა ოცნებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ორიენტაცია არის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მეზობლებთან ურთერთობები არ უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა საგანელიძემ.
ვითარების უკეთ აღსაწერად საგანელიძემ პირადი გამოცდილება გაიხსენა.
"ის, რომ დღეს ზოგ მეზობელთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა. მე იმ ქალაქში და იმ ეზოში გავიზარდე, საიდანაც ვიცი, რა არის მეზობლობა. ამიტომ კარგად მესმის, რომ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.





