საქართველოს პრეზიდენტი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომი თანამშრომლობა იყო. კერძოდ, საუბარი შეეხო ასოცირებული წევრობის შეთანხმებას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხს.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და შტეფან ფულემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
სააკაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩამოვრჩეთ იმ მატარებელს, რომელიც ნოემბერში ვილნიუსიდან გადის.
"როგორც არასდროს, აქტუალურია დღეს ჩვენი ევროპული ორიენტაციის საკითხი. წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი ვილნიუსში, სადაც საქართველოს აქვს პერსპექტივა, დავსახელდეთ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს იქნება ნამდვილად გეოპოლიტიკური გარღვევა და ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე მხრივ, მზად ვართ, ასოცირების ხელშეკრულება იყოს გაფორმებული სწორედ ამ სამიტზე. რა თქმა უნდა, საქართველოს შიგნით აქვს ბევრი განსხვავება და უთანხმოება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შიდა პოლიტიკამ არ დაგვაკარგვინოს ეს ისტორიული შანსი და არ ჩამოვრჩეთ იმ მატარებელს, რომელიც გავა ნოემბერში ვილნიუსიდან, რადგან შემდეგმა მატარებელმა შეიძლება მრავალი წელი აღარ ჩამოიაროს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი მზადაა, პრემიერმინისტრს დიდი რეგულარულობით შევხდეს.
"ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქუჩებში, საპარლამენტო დისკუსიებში, კამერების მიღმა ხდება, არის გარკვეული საფრთხის შემცველი. ახლა უნდა დავდგეთ პირად ამბიციებზე მაღლა. ჩვენც და მთავრობამაც უნდა ვიმუშაოთ ერთად, ამიტომაც ვთქვი, რომ მზად ვარ პრემიერმინისტრს შევხვდე დიდი რეგულარულობით, გაფუჭებული ტელეფონი კი არ ვითამაშო და შუამავლის მეშვეობით ველაპარაკო, პირდაპირ ველაპარაკო საქართველოზე, მის ევროპულ მომავალზე, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესები და ევროპული მომავალი თავიანთ ამბიციებზე მაღლა უნდა დააყენონ.
"ჩვენი ევროპული მომავალი ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ცალკეული პოლიტიკოსის ამბიციები. ცალკეულ პოლიტიკოსებში მეც შევდივარ, პრემიერიც და ბევრი სხვაც", - აღნიშნა სააკაშვილმა.
თავის მხრივ, ევროკომისარმა შტეფან ფულემ პრესკონფერენციაზე პოლიტიკოსებს შორის ურთიერთგაგების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია, კანონის უზენაესობის ერთგულება და პატივისცემა გაგრძელდეს.
"ეს ინკლუზიური პროცესია, რომელშიც ძირითადი პოლიტიკური მხარეები უნდა მონაწილეობდნენ და ეს საჭიროებს კომუნიკაციის ღია არხების გახსნას. უნდა არსებობდეს ურთიერთგაგება და არის ისეთი ხაზები, რომლებიც სჯობს არ გადავკვეთოთ. ასეთ შემთხვევაში, უკვე დადგება ქვეყნის სანდოობის საკითხები", - განაცხადა შტეფან ფულემ.





