ტელეკომპანიები რუსთავი 2 და მე-9 არხი ახალი ელჩების სიიდან სავარაუდო კანდიდატების ვინაობას ასახელებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩების კანდიდატურები პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა. სულ წარდგენილია 18 პირი. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს მათ დანიშვნას, შემდეგ კი სია პარლამენტში გადაიგზავნება. საპარლამენტო კომიტეტებში კანდიდატურების განხილვის შემდეგ, მათი დამტკიცება პლენარულ სხდომაზე მოხდება.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატი თედო ჯაფარიძეა, გაეროში - კახა იმნაძე, გერმანიაში - ლადო ჭანტურია. ჟურნალისტებთან საუბარში, ამ ფაქტს თავად კანდიდატებიც ადასტურებენ. საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლად ეკა სირაძე-დელონე სახელდება, ჩინეთში - დავით აფციაური, უკრაინაში კი მიხეილ უკლება.
მე-9 არხის ცნობით, შეერთებულ შტატებში ელჩობა ექსპერტ არჩილ გეგეშიძეს შესთავაზეს, უნგრეთში - ზაზა კანდელაკს, ჩეხეთში - ზაზა გოგსაძეს, ხოლო იტალიაში - კახა სიხარულიძეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავსტრიასა და ეუთოში კოტე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა განიხილება.




