ივანიშვილის მთავრობის დადგენილებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი უქმდება.
დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი 1 ივლისიდან გაუქმდება და მის უფლებამონაცვლედ სამინისტრო განისაზღვრება.
"1. ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.
2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაეცეს სამინისტროს". - წერია დადგენილების მეორე მუხლში.
დადგენილება სამინისტროს ავალებს, რომ "ინსტიტუტის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით" გამოქვეყნებისთანავე სალიკვიდაციო კომისია შექმნას, რომელიც საჭირო ზომებს 1 ივლისამდე მიიღებს.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ასევე უქმდება NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც სამინისტროს ნაწილი გახდება.
ტაბულამ ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვით მიმართა.
პრესსამსახურმა ტაბულასთან საუბრისას განაცხადა, რომ საინფორმაციო ცენტრი "რეორგანიზაციის შედეგად უერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს".
როგორც NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრი ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი" გახდა.
განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცენტრის წარმომადგენელმა, თემო სუყაშვილმა გაავრცელა, რასაც მან მიღებული დოკუმენტის სქრინი დაურთო - აღნიშნულ დოკუმენტში ეწერა, რომ მას ცენტრის ლიკვიდაციისა და თანამდებობის დატოვების შესახებ 1 თვით ადრე აფრთხილებდნენ.





