სტრასბურგი

მიხეილ სააკაშვილი: მითია, რომ მილიარდერი თავის ქონებას გაგინაწილებს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას საქართველოში არსებულ ორ ძირითად მითზე და ამ მითების საფუძვლებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტის თქმით, ერთი მითი ის არის, რომ კარგი ურთიერთობის დამყარება მეზობელთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენს არსებით ინტერესებს დათმობ. მეორე მითი კი ის არის, რომ რაც უფრო მეტი მილიარდი აქვს კონკრეტულ ადამიანს, საკუთარ ქონებას გაგინაწილებს.

„მჯერა, რომ არ შეიძლება შეჰპირდე ადამიანს იმას, რის განხორციელებაც არ შეგიძლია. მხოლოდ შეპირებით არ შეიძლება კვებო ერი, ეს მითი იქნება და ჩვენ ამ მითის პირობებში ვცხოვრობთ დღეს. გამოცდილება, რომელიც ხალხმა აქედან უნდა დააგროვოს, არის ის, რომ შეუძლებელია არაფერს აკეთებდე და ვიღაცამ გარჩინოს. ეს ხდებოდა წარსულში, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოს ახალი მთავრობის მთავარ მინუსად წარსულში დაბრუნების მცდელობა დაასახელა.

„ახალი მთავრობა წარსულის დიდი ნაწილის დაბრუნებას ცდილობს და ხაზგასმას, რომ ჩვენი რეფორმები იყო ცუდი და რაც მანამდე ხდებოდა - იყო კარგი. ჩვენ რასაც ვამბობთ, არის ის, რომ წარსული კარგი არ იყო, რეფორმები შეიძლება არ იყო იდეალური, მაგრამ მიმართულება იყო სწორი. მე ვაფრთხილებდი ხალხს, გაეგრძელებინათ გზა, რომელიც წარმატებასთან მიგვიყვანდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, წარსული კონკრეტულ სახელებს უკავშირდება.

„წარსულს კონკრეტული სახელები, სახეები აქვს, რომლებიც უკავშირდება კორუფციას, არასწორ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის იდეის, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას, ვისაც წარსულში დაბრუნება უნდა, სინამდვილეში ენატრება არა კომუნიზმი და საბჭოთა კავშირი, არამედ - ახალგაზრდობა.

კომენტარები