„ჩვენი საზღვარი გადის მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გასწვრივ. ესაა გეოგრაფიის გაკვეთილი, რომელიც მე მინდა ჩემგან თქვენ მიიღოთ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსული დელეგაციის წევრის მიერ მისი მისამართით დასმულ შეკითხვას.
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე საუბრისას რუსი და ქართველი პოლიტიკოსები საქართველოს სხვადასხვაგვარ რუკას ხედავენ.
„ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, სათვალე გჭირდებათ იმისათვის, რომ დაინახოთ საქართველოს ის რუკა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო და რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, და რამდენიც უნდა ირბინოთ ტუვალოში და ნაურუში იმისათვის, რომ მათ აღიარონ თქვენ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ამ ასამბლეაში არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსული დელეგაციის წევრის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი იმდენად უარყოფითადაა განწყობილი რუსული ენის მიმართ, რომ ამ ენაზე არც კი საუბრობენ: „ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და კარგად გავიგოთ რა არის ამ პრობლემის არსი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა უნდა დაივიწყოს იმპერიული ამბიციები და მისწრაფება, დაიპყროს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები.
„ნებისმიერი სხვა პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. როგორც კი რუსეთი გათავისუფლდება ამ ამბიციებისგან, ჩვენ სხვა შეკითხვები აღარ გვექნება. ჩვენ არასოდეს გვიცდია თქვენთვის პრობლემების შექმნა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.




