სტრასბურგი

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთში საქართველოს წარმატებები ბევრს უხარია, ბევრს აღიზიანებს

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ შეკითხვა დაუსვა. რუს დელეგატს აინტერესებდა, პრეზიდენტი იღებდა თუ არა პასუხისმგებლობას პატიმრების წამების ფაქტებზე.

რუსი დელეგატის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგია რუსეთის დაინტერესება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხით - მეტიც, კარგი იქნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვას საქართველო ისწავლის რუსეთისგან, სადაც ასეთი ფაქტები ყოველდღიურად არ ხდება და სადაც კორუფცია არ არსებობს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან და მისმა მთავრობამ შეძლო ქვეყნის კრიმინალური და კორუმპირებული მდგომარეობიდან გამოყვანა: საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და იგი რეიტინგში რუსეთს 5-ჯერ უსწრებს; ასევე, საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მე-9 ადგილზეა, ხოლო რუსეთი 59-ზე.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს წინა მთავრობა ყოველთვის უსმენდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, იმის მიუხედავად, რომ მათ აზრს ყოველთვის არ ითვალისწინებდა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ბევრ მოქალაქეს საქართველოს წარმატებები უხარია, ხოლო ბევრს - აღიზიანებს: „ეს ადამიანის პრიორიტებების საკითხია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები