შსს

შსს: გოჩიაშვილს და მის მშობელს დაკითხვისას პრეტენზია არ გამოუთქვამთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა შიდა მოკვლევა ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით.

განცხადების მიხედვით, საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გამომძიებელი, რომელმაც ბექა გოჩიაშვილი დაკითხა და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ამ დროს პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ. შსს-ს განცხადებით, ამ გამოკითხვებიდან ირკვევა, რომ გოჩიაშვილი მშვიდად პასუხობდა შეკითხვებს, დაკითხვას ესწრებოდა მისი მშობელი და მათ დაკითხვის მსვლელობისას ან დასრულებისას რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

"2013 წლის 8 იანვარს ბექა გოჩიაშვილი მოწმის სტატუსით დაიბარეს დაკითხვაზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში. დაკითხვის დაწყებამდე ბექა გოჩიაშვილს, მშობლის - ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით, გამომძიებელმა დ.ბ.-მ განუმარტა მისი, როგორც არასრულწლოვანი მოწმის, უფლება-მოვალეობები და ასევე განუმარტა მიზეზი, რის გამოც ის დაბარებული იყო დაკითხვაზე. ასევე განემარტა უფლება, დაკითხვისას მოეწვია ინტერესების დამცველი ადვოკატი, რაზეც ბექა გოჩიაშვილმა, მშობელთან შეთანხმებით, უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, უფლება-მოვალეობების განმარტებისას, და ასევე საქმის ირგვლივ დასმული კითხვების შესახებ ბექა გოჩიაშვილს და მის მშობელს პრეტენზია არ გამოუხატავთ.

როგორც გამომძიებელ დ.ბ-ს გამოკითხვით ირკვევა, ბექა გოჩიაშვილი ადეკვატურად და მშვიდად პასუხობდა ყველა საქმის ირგვლივ დასმულ კითხვას. ასევე ირკვევა, რომ ბექა გოჩიაშვილთან ჩატარებულ დაკითხვას და ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა მისი მშობელი, და მათი მხრიდან არც დაკითხვის მსვლელობისას და არც დაკითხვის დასრულებისას, რაიმე სახის შენიშვნას ან პრეტენზიას ადგილი არ ჰქონია.

იმავე დღეს დაიკითხა ბექა გოჩიაშვილის ძმა - ლაშა გოჩიაშვილი. დაკითხვის დასრულების შემდეგ, ისინი მეგობრულად დაემშვიდობნენ გამომძიებელს, რაც გამოიხატა ვალერიან გოჩიაშვილის მხრიდან გამომძიებლის ბექა გოჩიაშვილის კონცერტზე დაპატიჟებაში.

გამომძიებლის გამოკითხვის შედეგად ასევე დადგენილია, რომ ბექა გოჩიაშვილის დაკითხვის დროს შენობაში იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ გამომძიებლის არაკანონიერი ქმედებები.

ასევე დადგენილია ის ფაქტიც, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომლის საშუალებითაც ფიქსირდება ვინ შედის და გამოდის პოლიციის შენობაში შესაბამისი თარიღებისა და ზუსტი საათების მითითებით", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის ჯაზმენმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა და სამართალდამცავები ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა.

"ჩემი ძმა გაცილებით დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ის სამი საათი იკითხებოდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, საშინელი მუქარა ხორციელდებოდა. რომ გამოვიდა, ვერ აზროვნებდა. მათ შორის, დაჭერითაც ემუქრებოდნენ", - ამბობს გოჩიაშვილი.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, გენერალურმა ინსექციამ ამ განცხადებასთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ლაშა გოჩიაშვილი მოწმის სახით 4 იანვარს ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. დაზარალებულის ბინიდან "მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია ინახავდა 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარს და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას".

შსს-ს ინფორმაციით, ნანა დავითაიას ბინის გასაღებით ისარგებლა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ბექა გოჩიაშვილმაც, რომელიც დავითაიას თანხმობით, ერთი დღე დარჩა ამ ბინაში, სადაც მას მეგობრები ესტუმრნენ.

სამინისტრო აცხადებს, რომ ბექა გოჩიაშვილმა დაკითხვისას განმარტა, რომ "ბინაში ყოფნის დროს, მისმა მეგობრებმა სახლი დაათვალიერეს და ეძებდნენ USB-ის გადამყვან კაბელს, რა დროსაც, ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, დაუძახა საძინებელი ოთახიდან და უთხრა, რომ კარადაში იყო სეიფი. იგი შევიდა, ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა, რომ ძებნა აღარ გაეგრძელებინათ, ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 4 იანვარს, ღამით კი გაიგო, რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული".

 

კომენტარები