8 ივნისს ფილიპინების სამხრეთ სანაპიროსთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა – ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია 1-მეტრიანი ცუნამიც.
Associated Press-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად ფილიპინების ქალაქ გენერალ-სანტოსში, სადაც 700 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე შენობა ჩამოინგრა და დაზიანდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ხოლო ცუნამმა, სულ მცირე, ერთი სანაპირო სოფელი დააზიანა.
მიმდინარე წელს ეს ფილიპინებში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. მისი ეპიცენტრი კუნძულ მინდანაოს სანაპიროსთან მდებარეობდა, 33 კილომეტრის სიღრმეზე.




