საბიუჯეტო კრიზისი

ვანო მერაბიშვილისა და ნოდარ ხადურის ტელედებატები 22 იანვარს გაიმართება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივან ვანო  მერაბიშვილს შორის დებატები რუსთავი 2-ის ეთერში, 22 იანვარს გაიმართება. ტელეკომპანიის ცნობით, ხადური და მერაბიშვილი ნინო შუბლაძის გადაცემა პოზიციის სტუმრები იქნებიან.

ვანო მერაბიშვილმა ნოდარ ხადურთან ქვეყნის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ტელედებატების გამართვის მზადყოფნა გუშინ, 15 იანვარს, გამოთქვა.

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის განცხადებით, ის სიამოვნებით მიიღებს ფინანსთა მინისტრთან ტელედებატებში მონაწილეობას საბიუჯეტო კრიზისის საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მან გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა. ამასთან, ყოფილი პრემიერის განცხადებით, მზად არის, სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებითაც ისაუბროს. 

დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. 
"საქართველოში საბიუჯეტო კრისიზი არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტთან, ქვეყანის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით, მზად ვარ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან დებატებში მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა მინისტრმა. 

კომენტარები