კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა, ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 78 დეპუტატის ხელმოწერით დარეგისტრირდა.
პროექტის მიხედვით, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი აღარ გამოხატავს ხალხის ნებას, მას უფლება ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 6 თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამასთან, ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს მოქმედი მთავრობა.
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლებამოსილება, პარლამენტის ნების წინააღმდეგ მოქმედი მთავრობა გადააყენოს და მინისტრთა კაბინეტი თავად დაამტკიცოს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა შესაძლებობას იძლევა პოლიტიკური კრიზისი იყოს თავიდან აცილებული და შენარჩუნდეს პოლიტიკური სტაბილურობა, სანამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შევა კონსტიტუციაში ცვლილებები, რომლებითაც აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად მთავრობის ხელში გადავა.
ამასთან, პარლამენტი დღეს მიიღებს დადგენილებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის კომისია.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით 27 დეკემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განმარტა, მოქმედი კონსტუტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს უფლება ნებისმიერ მომენტში დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და შემდეგ, თუ პარლამენტი მის მიერ შეთავაზებულ მთავრობას სამჯერ არ დაამტკიცებს, მინისტრები თავად დანიშნოს. ამავე დროს, პრეზიდენტს არ აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება არჩევნებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
უსუფაშვილის განმარტებით, თუკი პრეზიდენტი ამ ექვსთვიანი ვადის გასვლამდე დანიშნავდა მთავრობას, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს უკვე ახალი, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა ჩაატარებდა. "ამ მომენტში გადაწყვიტა ჩვენმა კოალიციამ, რომ შევაჩეროთ ეს პროცესი, შევჩეროთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამ არასწორ გზაზე", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მისი განცხადებით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე გახმოვანებულ გეგმებზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მათ შორის - კონსტიტუციის ახალი დებულებების ვადაზე ადრე ამოქმედებაზე (რომლებიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში). ასევე, უკვე შემუშავებულ კანონპროექტებზე სხვადასხვა სამსახურების, მათ შორის, სახელმწიფო დაცვის, პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არცერთ უფლებამოსილებას, გარდა ერთისა, რომ მან ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხის ნების გარეშე, რომელსაც გამოხატავს პარლამენტი", - განაცხადა უსუფაშილმა.





