საქართველოს პარლამენტი

უსუფაშვილი: გაგებით ვეკიდებით შს მინისტრის პოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, უმრავლესობა გაგებით ეკიდება შს მინისტრის პოზიციას ამნისტიის გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით, თუმცა პარლამენტი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

"ჩვენ ძალიან გაგებით ვეკიდებით ბატონი მინისტრის ამ პოზიციას, შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას, გვესმის მათი არგუმენტები და არის არგუმენტები. პარლამენტს ჰქონდა თავისი არგუმენტები, თავისი მოსაზრებები, რომელიც, ასევე, ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და გადაწყვეტილება იქნა მიღებული ის, რაც იქნა მიღებული", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავრობასა და პარლამენტს შორის დებატები მისასალმებელია და ასეც უნდა გაგრძელდეს.  "პარლამენტიც და მთავრობაც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთნაირი გულმოდგინებით შევასრულებთ ამ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმასაც, რასაც შესაძლოა პროცესში არ და ვერ ვეთანხმებოდეთ. ეს არის კარგი და მე მგონი, ვერ გაიხსენებთ მაგალითს, რომ წინა დროში ვანო მერაბიშვილს დაეჩივლოს, რომ აი, მე კი არ ვთვლიდი ასე საჭიროდ, თუ სწორად, მაგრამ პარლამენტმა ასე მიიღოო. აი, ის იყო არასწორი, ახლა არის სწორი", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჯაშუშების და ნარკორეალიზატორების ციხიდან გამოშვების წინააღმდეგია.

 

 

 

კომენტარები