"ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, შეიძლება ნაციონალურმა მოძრაობამ 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს", - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, რომელიც პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა მთავრობის და პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით.
როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, პრემიერმა ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და მან ამით ისიც თქვა, რომ ქართულ ოცნებას არანაირი შიში არ აქვს იმის, რომ ხალხის მხარდაჭერა დააკლდება.
"თუკი ეს არის კოჰაბიტაციის ის გაგება, რომელიც აქვს მეორე მხარეს, ანუ ოპოზიციას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის უფლება, რომელიც აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ ეს არ გამოიწვევს არავითარ შემთხვევაში ძალთა ცვლილებებს, პირიქით, მე მგონია, ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, "ქართულ ოცნებას" უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე ჰქონდა პირველი ოქტომბრის არჩევნებში და "ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზული პრობლემებიც შეექმნება. მე ვფიქრობ, შეიძლება მათ 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახონ, ისეთი განწყობაა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, პრემიერმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია. ასევე, მთავრობას აქვს მტკიცე პოზიცია "და მას ვერ შეარყევს ვერავითარი კოჰაბიტაცია, რომელიც ოპონენტების მხრიდან სხვანაირად არის გაგებული და რომელიც ნამდვილად არ წაადგება ქვეყანას", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფანჯიკიძე: ჩვენ გვაქვს მტკიცე პოზიცია და მას ვერ შეარყევს კოჰაბიტაცია





