"საქართველოს პარლამენტი ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ვეტოს ტექსტის მიღების შემდეგ შეეცდება", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას.
მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონს პრეზიდენტის შენიშვნებით უკანვე მიიღებს, კენჭი ეყრება შენიშვნებს.
"თუ პარლამენტმა მიიღო ეს შენიშვნები, კანონპროექტი შეიცვლება. თუ არ მიიღო - მაშინ პარლამენტს რჩება უფლება, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, რასაც 89 ხმა სჭირდება. თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევას შეძლებს, კანონპროექტი ამოქმედდება იმ რედაქციით, რომლითაც პარლამენტმა დაამტკიცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონი ჩავარდება და მისი ვერცერთი ნაწილი ვერ ამოქმედდება", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ვეტო დაადო და პარლამენტს კანონპროექტს შენიშვნებით, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გადაუგზავნის.
კანონის ერთ ნაწილზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გუშინ, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"როცა ბევრი ასეთი პატიმარი გამოდის, ეს საფრთხის შემცველია. მათ შორის მეც მოვაწერე ხელი ბევრის გათავისუფლებას, რადგან სია წარმომიდგინეს. ამნისტია ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხე. თუ უშვებ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს, ძალიან აშავებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შენიშვნები აქვს ე.წ. პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებითაც, რადგან არცერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აღუნიშნავს საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა. "ბელარუსში 5 პოლიტპატიმარია, ჩრდილოეთ კორეაში - 11 და საქართველოს პარლამენტი ამბობს, რომ საქართველოში 200 პოლიტპატიმარია. ვის ვაწონებთ ამით თავს?! ვაცხადებთ, რომ ვართ არასერიოზული ქვეყანა და თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ეს განცხადება, მაშინ გამოდის, რომ ვყოფილვართ ბირმა, ბელარუსი და 70-იანი წლების დიქტატორები. მაშინ ამ ქვეყანაში ვინ ჩადებს ფულს, ვინ დაგასაქმებთ?!", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი
ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება





