საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ შესულა.
"ვიდრე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონპროექტი არ გადმოგზავნილა, სხვადასხვა ტონით საუბარი და სპეკულირება ამ თემაზე უხერხულია", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სააკაშვილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას გეგმავს. ეს ინფორმაცია გუშინ, 26 დეკემბერს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა გაახმაურეს.
პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო დადების საკითხზე საქართველოს პარლამენტში დღესაც, 27 დეკემბერსაც იმსჯელებენ. უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ბიუროს სხდომაზე დაისმება საკითხი, როგორ მოიქცევა პარლამენტი იმ შემთხევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
"საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად კანონპროექტის შემოსვლიდან 10 დღის ვადა აქვს. დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი ამ კანონპროექტს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჩვენთან კანონპროექტი შემოვა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ჰუმანური ან ვიღაც არაჰუმანურია, ზედმეტია", - განაცხადა მანჯგალაძემ.





