საქართველოს პარლამენტმა "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა. კანონის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით დაჯარიმებულ პირებს, როგორც აღუსრულებელ, ასევე აღსრულებელ საქმეებს. პირებს, რომელთა მიმართ ფინანსური სანქციები უკვე გამოიყენეს, ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი თანხები ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდებათ. ასევე უქმდება მათ მიმართ განხორციელებული ყველა იძულებითი სახის ღონისძიება (ყადაღა, ინკასო).
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონთან დაკავშირებული ჯარიმის საერთო რაოდენობა 144 316 688 ლარს შეადგენს. აქედან აღსრულების პროცესში - 133 790 769 ლარი. სახელმწიფოს მოუწევს დაჯარიმებულ პირებს უკან დაუბრუნოს 10 525 919 ლარი.




