საქართველოს პარლამენტი

თავდასხმა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე

ქუთაისში პრეზიდენტის შეხვედრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან,  საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. აქციის მონაწილეები უმცირესობის წევრებს ფიზიკურ  შეურაცხყოფას აყენებდნენ და ქვებს ესროდნენ. 

ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუქსმანმა facebook-ის  გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. 

"პრეზიდენტის შეხვედრის დროს ქუთაისში, ქართული ოცნების აქტივისტებმა ფიზიკურად იძალადეს ჩვენზე. კანონის უზენაესობა ბრბოს უზენაესობით ჩანაცვლდა, როგორც ჩვენ ვხედავთ რეგიონებში თვითმმართველობებზე ძალადობისას. ეს დიდი ნაბიჯია უკან ქართული დემოკრატიისთვის", - დაწერა გლუქსმანმა. 

ტაბულა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს დაუკავშირდა. მათ დაადასტურეს მომხდარი და აღნიშნეს, რომ შეკრებილი ადამიანები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ქვებს ესროდნენ. მათივე განმარტებით, ადგილზე მყოფ პოლიციას, ინციდენტის აღსაკვეთად არაფერი მოუმოქმედებია. 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ წარმომადგენლებს, საკრებულოს დეპუტატებს, გუბერნატორსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა. სააკაშვილმა მადლობა გადაუხდა დეპუტატებს იმ სულისკვეთებისთვის, რომელსაც ისინი პარლამენტის ქუთაისში დატოვებისათვის იჩენენ. 

"გავიგე, რომ იქმნება ორგანიზაცია, რომელიც იბრძოლებს ქუთაისში პარლამენტის დატოვებისთვის და გთხოვთ, რომ რიგით წევრად ჩამრიცხოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები