ევროპის სახალხო პარტია

ვილფრედ მარტენსი: საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება

,,საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება’’, - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ ვილფრედ მარტენსმა. მისი თქმით, საერთაშორისო მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად პრემიერ ივანიშვილის ადმინისტრაციის საქციელი უფრო არადემოკრატიული ხდება. ,,დარწმუნებული ვარ, დადგა დრო, ძლიერი გზავნილი გავუგზავნოთ საქართველოს მთავრობას, ვგმობ პოლიტიკურ დაპატიმრებებს, დევნას, პარლამენტართა იძულებით მოსყიდვას და თავდასხმებს თვითმმართველობებზე’’, - აღნიშნა მან. 

 ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე სასაცილოს უწოდებს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და აცხადებს, რომ ,,ყალბი პასპორტის გამოყენებაში ადანაშაულებენ ექსპრემიერს, რომელიც ერევანში საპრეზიდენტო დელეგაციის სახელით უნდა შეხვედროდა ლიდერებს’’, მისი თქმით,  საქართველოში უკრაინის მსგავსი სცენარი ვითარდება, ,,უკრაინაში დემოკრატიული სტანდარტების და ფუნდამენტალური ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების შედეგია ის, რომ გაიყინა ასოცირების შეთანხმება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი’’, - აცხადებს მარტენსი. 

 ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს დემოკრატიას, კონსტიტუციურ ნორმებს, ფუნდამენტურ ღირებულებებს და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

 ,,გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიზნად არ ისახავს საზოგადოების ყურადღების გადატანას და იმის დამალვას, რომ მთავრობას დაპირებების შესრულება არ შეუძლია’’, - აღნიშნა მარტენსმა. 

კომენტარები