რუსეთი

რუსეთში სამხედრო წვრთნები კავკასია 2012 იწყება

რუსეთში 17 სექტემბერს ქვეყნის სამხრეთით მასშტაბური სამხედრო წვრთნა კავკასია 2012 იწყება. BBC-ის ცნობით, სტრატეგიულ სწავლებაში 8 ათასამდე ადამიანი, 200-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, სხვადასხვა დანიშნულების 100 საარტილერიო დანადგარი, 10 საბრძოლო გემი და კატარღა მიიღებს მონაწილეობას.

სწავლებები ორ ეტაპად, ოთხ სხვადასხვა პოლიგონზე, შავი და კასპიის ზღვის აკვატორიებში გაიმართება. კავკასია 2012-ის გახსნის ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი დაესწრებიან. წვრთნები 23 სექტემბერს დამთავრდება.

გამოცემის ცნობით, სწავლების ჩანაფიქრი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საბრძოლო დაჯგუფებების მზადებისა და გამოყენების კუთხით, სასწავლო-საბრძოლო ამოცანების შემუშავებაა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსანდრ პოსტნიკოვის განცხადებით, აღნიშნულ წვრთნებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი წინასწარ დაგეგმილ სცენარს გავს. მისი თქმით, სამხედრო მომზადება მაქსიმალურად ღიად მიმდინარეობდა და მას არავითარი კავშირი სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან არ აქვს.

სექტემბრის დასაწყისში რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწავლო სამხედრო მოქმედებები საქართველოს სიახლოვეს აღარ გაიმართება. პოლიგონების სიიდან, სადაც 17-23 სექტემბერს კავკასია 2012-ის სამხედრო წვრთნები უნდა ჩატარებულიყო, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული პოლიგონები ამოიღეს. რუსეთის გენერალურმა შტაბმა აღნიშნული წვრთნების ჩასატარებლად უარი განაცხადა სომხეთში არსებული სამხედრო ბაზების გამოყენებაზეც.

 

კომენტარები