ოლიმპიადა

მოძმანაშვილი ფინალშია,მარსაგიშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს

წარმატებულად დაიწყო ბოლოს წინა დღე ლონდონის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე სამივე ქართველი სპორტსმენისათვის. სამწუხაროდ, საბოლოოდ მხოლოდ დავით მოძმანაშვილმა მოახერხა ფინალში გასვლა, დავით მარსაგიშვილი კი რეპეშაჟის წესით (სანუგეშო შეჯიბრი) შეეცდება ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.

მერვედფინალში მექსიკელი ხოსე პრუდენტესა და მეოთხედფინალში ყაზახი დაულეტ შაბანბაის დამაჯერებლად ძლევის შემდეგ, 120 კგ თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა ტიტულოვანი რუსი სპორტსმენი, ბილიალ მახოვი ორივე პერიოდში დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლის მოსაპოვებლად,დათოს  მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან. ქართველის მოწინააღმდეგე ორჯერ ოლიმპიური ოქროს,ვერცხლის და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორია.

60 კგ-ში მალხაზ ზარქუამ პირველი ორთაბრძოლა მეორე წრეში გამართა ვასილ ფედოროშინის წინააღმდეგ და დამაჯერებლად დაამარცხა. სამწუხაროდ მეოთხედფინალში ამერიკელმა კოულმენ სკოტმა ვადამდელი გამარჯვება იზეიმა ჩვენს სპორტსმენზე და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.იყო შანსი, ზარქუას ბრიჯაოს მედლისათვის ებრძოლა(რეპეშაჟის წესით), თუ ამერიკელი ფინალში გააღწევდა. სამწუხაროდ,სკოტმა თოღრულ ასგაროვთან ვერაფერი გააწყო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

მარცხი იწვნია 84 კგ წონაში ერთ-ერთმა ფავორიტმა დავით მარსაგიშვილმა. მერვედფინალში მონღოლი უიტუმენ ორგოდოლის დამაჯერებლად ძლევის შემდეგ, ქართველმა მოულოდნელად დათმო შეხვედრა პუერტორიკოელ ხაიმე იუსეპტ ესპინალისთან. აღსანიშნავია, რომ მარსაგიშვილი პირველ პერიოდს იგებდა ანგარიშით 4-0 მაგრამ,საბოლოოდ 5-6 დამარცხდა, ხოლო მეორე პერიოდში 1-0 დაწინაურდა და ბოლოს  1-7 სუფთად დათმო. საბედნიეროდ ჩვენი სპორტსმენის მძლეველმა პუერტორიკოელმა ფინალში გააღწია და ამით, მარსაგიშვილს შანსი მიეცა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდაოს. ქართველის მეტოქე რეპეჟაშის პირველ წრეში ნიგერიელი ენდრიუ ადიბო დიკსი იქნება.

დავით მარსაგიშვილისა და ენდრიუ ადიბო დიკსის შეხვედრა დღეს, 20:45-ზე დაიწყება, ხოლო დავით მოძმანაშვილისა და არტურ ტაიმაზოვი ფინალში, 22:56-ზე იჭიდავებენ

 

კომენტარები