ოლიმპიადა

მსაჯები, რომლებმაც ხინჩეგაშვილს ქულა არ ჩაუთვალეს, ოლიმპიადიდან დისკვალიფიცირებულები არიან

 გუშინ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 55 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ვლადიმელ ხინჩეგაშვილისა და რუსი ჯამალ ოთარსულთანოვის დაპირისპირების დასრულებამდე ორი წამით ადრე, ქართველმა აშკარა გდება შეასრულა და ქულას იმსახურებდა. ამ დროისათვის ანგარიში 3-3 იყო და რადგან ბოლო ილეთი ოთარსულთანოვს ჰქონდა გაკეთებული,სეტსაც და მატჩსაც ის იგებდა.

ქართველთა პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია და იმის მაგივრად რომ ქულა ხინჩეგაშვილისათვის მიეკუთვნათ,მსაჯებმა ის რუს სპორტსმენს ჩაუთვალეს.ამგვარად საბოლოო ანგარიში 4-3 დაფიქსირდა ოთარსულთანოვის სასარგებლოდ.

წესების თანახმად,ხინჩეგაშვილისათვის გდება რომ ჩაეთვალათ,მატჩი მესამე სეტში გაგრძელდებოდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ქართული დელეგაციის პროტესტის შედეგად, სამივე მსაჯი, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრას ემსახურებოდნენ მოხსნილი იქნენ ოლიმპიადიდან. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს და  ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოს დელეგაციის აქტივში ოთხი მედალია - ერთი ოქროს,ორი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს.

კომენტარები