NDI

NDI-ის კვლევის რესპონდენტთა 43%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ წინა თვეებთან შედარებით საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყანაში არსებულმა დემოკრატიის მაჩვენებელმა დაიწია.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, რაც ნიშნავს, რომ თებერვალში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შემდეგ ამ საკითხზე დადებითად განწყობილი რესპონდენტების რაოდენობა თითქმის 10%-ითაა შემცირებული. რესპოდენტთა 38%-ის აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, 18%-ს კი აღნიშნულ საკითხზე არ აქვს პასუხი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59%-სთვის დემოკრატია არის სიტყვის, მედიის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მოსმენა, 38% ფიქრობს, რომ ესაა თანასწორობა კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვა. 30%-ის აზრით, კი ქვეყანა დემოკრატიულია მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვა ხდება. აგრეთვე, გამოკითხულთა 32%-ის შეფასებით, საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას.

NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტების უმრავლესობა მოელის, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ჯანდაცვის და საპენსიო რეფორმები განხორციელდება. ხოლო საქართველოსთვის მნიშვნელოვანად გამოკითხულები ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის რეფორმებს მიიჩნევენ.

აღნიშნული კვლევა ცხადყოფს, რომ რესპოდენტთა 53%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 23%-ს საპირისპირო მოსაზრება აქვს.

 

კომენტარები