ევრო 2012

საფრანგეთი 1:1 ინგლისი

11 ივნისის პირველ მატჩში არამარტო D ჯგუფის, ზოგადად, ევრო 2012-ის ორი ფავორიტი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ეს იყო ინგლისის და საფრანგეთის ეროვნული გუნდების 31-ე შეხვედრა: ფრანგებმა, რომლებმაც დონეცკში უკეთ ითამაშეს, 9-ჯერ იმარჯვეს, ინგლისელებმა 16-ჯერ, ეს ფრე კი ისტორიაში მეექვსე იყო.

ფეხბურთის სამშობლოს ინგლისის ნაკრები რვაწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ევროპის ჩემპიონატს. გუნდმა, რომელსაც არასდროს მოუგია ევროპირველობა, ამ ტურნირზე ბოლოს 2004 წელს, პორტუგალიაში ითამაშა - ინგლისელები მაშინ მასპინძლებთან მეოთხედფინალში, პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შეიქმნა: ინგლისელთა მეკარემ ჯო ჰარტმა სამირ ნასრის დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა. ჰარტიც და ნასრიც წელს ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონები გახდნენ - ორივე მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია.

მე-15 წუთზე ლორან ბლანის გაწვრთნილი საფრანგეთის ნაკრები გაშვებულ გოლს გადაურჩა: ჯეიმს მილნერმა ეშლი იანგის პასის შემდეგ უგო ლორისი კი მოატყუა, მაგრამ ცარიელ კარში ბურთი ვეღარ შეაგდო - ააცილა.

30-ე წუთზე პირველი გოლი გავიდა: ინგლისელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, სადაც მანჩესტერ სიტის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ჯოლეონ ლესკოტმა თავით ზუსტად ითამაშა - 1:0.

რამდენიმე წუთში ჯო ჰარტმა ალუ დიარას არ გაატანინა: ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია ფრანგის თავური დარტყმა. ფრანკ რიბერიმ ბურთი კვლავ დიარას დაუბრუნა, თუმცა საყრდენი ნახევარმცველის მეორე თავურის შემდეგ ბურთი ინგლისელთა კარს აცდა.

39-ე წუთზე ევროპის ორგზის ჩემპიონმა საფრანგეთმა მაინც გაათანაბრა ანგარიში: საჯარიმოს მარჯვენა კუთხესთან ფეხბურთელებმა მოკლე პასებით დააბნიეს მცველები, რიბერიმ ბურთი იქვე მყოფ სამირ ნასრის დაუგორა და მანაც უძლიერესი დარტყმით ინგლისელთა კარი დალაშქრა - 1:1. ჯო ჰარტმა ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეკარეს მცველები ეფარებოდნენ.

შესვენების შემდეგ პირველი სახიფათო მომენტი ფრანგებმა შექმნეს: ფრანკ რიბერის წამოწყებული შეტევა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა პატრის ევრამ საჯარიმოსთან მიახლოვებით და ჩაწოდებით გააგრძელა, თუმცა სტივენ ჯერარდმა ბურთი ძლიერი დარტყმით კუთხურზე გადააგდო. 66-ე წუთზე ბლანის გუნდმა კიდევ ერთხელ შეუტია, მადრიდის რეალის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ჰარტმა საიმედოდ ითამაშა.

82-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრებს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო: კაბაიეს ძალიან სახიფათოდ დარტყმულ ბურთს ბოლო მომენტში დენი უელბეკმა ფეხი აკრა და კუთხურზე მოიგერია. ჯო ჰარტს ამ შემთხვევაშიც თანაგუნდელი მცველები უშლიდნენ ხელს.

„ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგით - არა. ჩვენ უამრავი სახიფათო მომენტი შევქმენით და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. იმედია, მომდევნო მატჩებში უფრო ზუსტნი ვიქნებით,“ - განაცხადა ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა. მისი გუნდი მეორე ტურში უკრაინას დაუპირისპირდება.

„დასაწყისისთვის საფრანგეთთან ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არაა,“ - ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ქულით კმაყოფილი დარჩა. მისი ხელმძღვანელობით ინგლისმა ორი ამხანაგური მატჩი მოიგო ნორვეგიასთან და ბელგიასთან, მაგრამ პირველივე ოფიციალურში ფრეს დასჯერდა.

მეორე ტურში ჰოჯსონის გუნდი შვედეთის ნაკრებს შეხვდება.

* * *

11 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, I ტური. დონეცკი, დონბას არენა, 38869

საფრანგეთი 1:1 ინგლისი

გოლები: 0:1 ჯ.ლესკოტი (30), 1:1 ს.ნასრი (39)

საფრანგეთი: უ.ლორისი, მ.დებუში, პ.ევრა, ა.რამი, ფ.მექსე, ი.კაბაიე (ჰ.ბენ არფა 84), ფ.რიბერი, ს.ნასრი, ფ.მალუდა (მ.მარტინი 85), ა.დიარა, კ.ბენზემა

მწვრთნელი: ლორან ბლანი

ინგლისი: ჯ.ჰარტი, გ.ჯონსონი, ე.კოული, ჯ.ლესკოტი, ჯ.ტერი, ს.პარკერი (ჯ.ჰენდერსონი 78), ს.ჯერარდი (კაპ), ე.იანგი, ჯ.მილნერი, ა.ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ჯ.დეფო 77), დ.უელბეკი (90)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

გაფრთხილება: ე.იანგი, ა.ოქსლეიდ-ჩემბერლენი

მსაჯები: ნ.რიცოლი (იტალია); რ.ფავერანი (იტალია), ა.სტეფანი (იტალია)

კომენტარები