ევრო 2012

გერმანია 1:0 პორტუგალია

მეორე ჯგუფის მეორე შეხვედრა დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ სანახაობრივი თვალსაზრისით კარგი ნამდვილად არ ეთქმოდა. იოახიმ ლიოვის გერმანიამ პორტუგალიას 1:0 სძლია.

ეს გუნდები ევროპის ბოლო ოთხ ჩემპიონატზე მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს: 2000 წელს, ბელგია-ჰოლანდიაში პირენეელებმა ჯგუფში 3:0 გაანადგურეს ბუნდესგუნდი, 2008 წელს, ავსტრია-შვეიცარიაში კი გერმანიამ მეოთხედფინალი 3:2 მოიგო.

პირველი სახიფათო მომენტი ბუნდესნაკრებმა შექმნა: მარიო გომესს მეორე წუთზე თავით შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა. რამდენიმე წუთში პორტუგალიელთა მეკარემ რუი პატრისიუმ ლუკას პოდოლსკიმ დარტყმა მოიგერია.

ტაიმის უკანასკნელი ხუთი წუთი ყველაზე საინტერესო გამოდგა: ჯერ იყო და მესუტ იოზილის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თომას მიულერმა ვერ დაარტყა ზუსტად, შემდეგ მსაჯმა ჰოლგერ ბადშტუბერი ნანისთან უხეშობისთვის გააფრთხილა - გერმანელმა პორტუგალიელს ტერფში ჩაარტყა ფეხი, 45-ე წუთზე კი ევროპის ვიცე-ჩემპიონები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ: პეპეს მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთი ნოიერის კარის ხარიხას მოხვდა, მაგრამ კარის ხაზი არ გადაკვეთა. ეს იყო თამაშის ყველაზე სახიფათო მომენტი.

მეორე ნახევარიც გარდამავალი უპირატესობით დაიწყო: მეტოქეები სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ერთ მომენტში პორტუგალიელთა კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ჩვეულად შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ ჯერომ ბოატენგმა შეაჩერა.

73-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: სამი ხედირამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა მარიო გომესმა ჩინებულად ითამაშა თავით და პატრისიუს შანსი არ დაუტოვა - 1:0. რამდენიმე წუთზე გომესს კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ცარიელი კარის წინ ბურთს ვერ მიწვდა.

თამაშის ბოლო წუთებში პორტუგალიელებს ორჯერ მართებდათ ანგარიშის გათანაბრება: შეცვლაზე შესულმა სილვესტრე ვარელამ ჯერ მანუელ ნოიერს ვერ აჯობა - მეკარემ ბურთი ვარდნაში, ფეხებით მოიგერია, რამდენიმე წუთში კი ვარელას მეორე დარტყმას მცველი გადაეღობა.

„მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყეთ. ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ყველა ქულა მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, სამი უკვე გვაქვს და მჯერა, ეს მეოთხედფინალში გასვლაში ძალიან დაგვეხმარება,“ - განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა. მისი ხელმძღვანელობით ბუნდესგუნდმა წინა ევროპირველობაზე ფინალში იასპარეზა.

გერმანიის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 ივნისს ხარკოვში გამართავს: ძველ მეტოქეს, დანიისგან ძლეულ ჰოლანდიას დაუპირისპირდება, იმავე დღის პირველ შეხვედრაში კი პაულო ბენტუს პორტუგალია ლვოვში სკანდინავიელთა დამარცხებას შეეცდება.

 

9 ივნისი, 2012. ევრო 2012 – B ჯგუფი, I ტური. ლვოვი, არენა, 56070

გერმანია 1:0 პორტუგალია

გოლი: 1:0 მ.გომესი (73)

გერმანია: მ.ნოიერი, მ.ჰუმელსი, ჰ.ბადშტუბერი, ფ.ლამი (კაპ), ჯ.ბოატენგი, ს.ხედირა, ბ.შვაინშტაიგერი, მ.იოზილი (ტ.კროოსი 87), თ.მიულერი (ლ.ბენდერი 90), ლ.პოდოლსკი, მ.გომესი (მ.კლოზე 80)

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

პორტუგალია: რ.პატრისიუ, ბ.ალვეში, პეპე, ფ.კოენტრაო, ჟ.პერეირა, მ.ველოსო, ჟ.მუტინიუ, რ.მეირელეში (ს.ვარელა 80), ნანი, კ.რონალდუ, ე.პოსტიგა (ნ.ოლივეირა 70)

მწვრთნელი: პაულო ბენტუ

გაფრთხილება: ე.პოსტიგა, ჰ.დაბშტუბერი, ფ.კოენტრაო, ჯ.ბოატენგი

მსაჯები: ს.ლანუა (საფრანგეთი); ფ.კანო (საფრანგეთი), მ.ანონიე (საფრანგეთი)

კომენტარები