ფეხბურთი

ევრო 2012: B ჯგუფი


ჰოლანდია ფიფას რეიტინგი – 4
 

პირველი საერთაშორისო მატჩი: 30.04.1905 ბელგია – 4:1
ყველაზე დიდი გამარჯვება: 02.09.2011 სან მარინო – 11:0
ყველაზე დიდი მარცხი: 21.12.1921 ინგლისი – 2:11
ყველაზე მეტი თამაში: ედვინ ვან დერ სარი – 130
ყველაზე მეტი გოლი: პატრიკ კლუივერტი – 40

ჰოლანდია ევროპის 1988 წლის ჩემპიონია, 1976 წელს კი მესამე ადგილზე გავიდა. 1992, 2000 და 2004 წლებში გუნდმა ნახევარფინალში ითამაშა.

ნაკრებმა საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის 9 მატჩში იმარჯვა. ბერტ ვან მარვიიკის გუნდი უკანასკნელ თამაშსაც იგებდა – სტოკჰოლმში შვედეთთან, მაგრამ 2:3 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ნარინჯისფერებმა 27 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, ბუნდესლიგის ბომბარდირმა კლაას იან ჰუნტელაარმა კი ყველაზე მეტი – 12 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელებმა სან მარინოს ორ მატჩში 16 გოლი გაუტანეს: სტუმრად 5:0, შინ – 11:0.

გუნდის ბირთვს ლეგიონერები შეადგენენ – უმრავლესობა გერმანიასა და ინგლისში თამაშობს და თითქმის ყველას უდიდესი სანაკრებო გამოცდილება უმაგრებს ზურგს: რაფაელ ვან დერ ვაარტის აქტივში 93 სანაკრებო მატჩია, დირკ კუიტს 85 კეპი მოუგროვდა, უესლი სნეიდერს – 81, გუნდის კაპიტანს მარკ ვან ბომელს – 74...

ევრო 2012-ის დაწყებამდე ჰოლანდიელები შინ გაეჯიბრებიან ბულგარეთს (26 მაისი), სლოვაკეთს (30) და ჩრდილოეთ ირლანდიას (2 ივნისი).


მწვრთნელი

ბერტ ვან მარვიიკი

ფეხბურთელობისას თავდამსხმელი გახლდათ, ნაკრებში კი ერთადერთხელ ითამაშა, რინუს მიხელსის გუნდში იუგოსლავიელთა წინააღმდეგ.

1982 წლიდან მწვრთნელია: თავდაპირველად იუნიორებს ავარჯიშებდა, 1990 წლიდან კი პირველ გუნდებში მოღვაწეობს. ფეიენოორდთან ერთად 2002 წელს უეფას თასი, 2008 წელს კი ჰოლანდიის თასი მოიგო.

ნაკრები ევრო 2008-ის შემდეგ ჩაიბარა და პირველივე დიდ ტურნირზე გუნდს ფინალში გაუძღვა: 2010 წელს ჰოლანდია მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გახდა.

ვარსკვლავი

რობინ ვან პერსი

28 წლისაა, ლონდონის არსენალის ლიდერია, გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი და დაასახელეს სეზონის მოთამაშედ. ჰოლანდიაში ყველა ფიქრობს, რომ ევრო 2012 ვან პერსის ტურნირი იქნება – ტანმაღალი ფორვარდი კონტინენტის პირველობას ბრწყინვალე ფორმაში ხვდება. 62 მატჩში 25 გოლი – რობინ ვან პერსი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო 10 ბომბარდირს შორისაა.

ტაბულას რეიტინგი: 35

ათბალიანი სისტემით:
მეკარე – 8
დაცვა – 8
ნახევარდაცვა – 9
თავდასხმა – 10


დანია ფიფას რეიტინგი – 10

პირველი საერთაშორისო მატჩი: 19.10.1908 საფრანგეთი – 9:0
ყველაზე დიდი გამარჯვება: 22.10.1908 საფრანგეთი – 17:1
ყველაზე დიდი მარცხი: 16.05.1937 გერმანია – 0:8
ყველაზე მეტი თამაში: პეტერ შმაიხელი – 129
ყველაზე მეტი გოლი: პოლ ნილსენი და იონ დალ ტომასონი – 52

დანიის დებიუტი ევროპირველობაზე 1964 წელს შედგა, 1984 წლიდან კი გუნდმა მხოლოდ ევრო 2008 ჩააგდო. „დინამიტებმა” ევრო 92-ის ფინალურ ეტაპზე დისკვალიფიცირებული იუგოსლავიის ადგილი დაიკავეს და თასიც მოიგეს!

მორტენ ოლსენის გუნდმა პოლონეთ-უკრაინის საგზური ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა: პორტუგალიას და ნორვეგიას აჯობა. ბედის ირონიით, დანიელებს ჯგუფში კიდევ ერთხელ მოუწევთ კრიშტიანუ რონალდუს გუნდთან პაექრობა. საკვალიფიკაციოში მეტოქეებმა საშინაო მატჩები მოიგეს – დანიელებმა 2:1, პორტუგალიელებმა 3:1.

წელს გუნდმა ერთადერთხელ ითამაშა და დამარცხდა – კოპენჰაგენში რუსეთთან 0:2. მანამდე სკანდინავიელებმა ზედიზედ აჯობეს ნორვეგიას, კვიპროსს, პორტუგალიას, შვედეთს და ფინეთს.

ევროპის ჩემპიონატამდე დანიის საფეხბურთო კავშირმა 2 ამხანაგური მატჩი დაგეგმა: 26 მაისს გუნდი ჰამბურგში ბრაზილიას დაუპირისპირდება, 2 ივნისს კი კოპენჰაგენში ავსტრალიას უმასპინძლებს.


მწვრთნელი

მორტენ ოლსენი

1989 წლის აპრილში ის გახდა პირველი დანიელი, რომელმაც ნაკრებში მეასე შეხვედრა ჩაატარა. ორი თვის შემდეგ, უკანასკნელ, 102-ე სანაკრებო მატჩში კი ბრაზილიას გოლიც გაუტანა. თამაში დანიელებმა 4:0 მოიგეს. მორტენ ოლსენმა კარიერის საუკეთესო წლები ბელგიაში გაატარა – ანდერლეხტთან ერთად 3-ჯერ მოიგო ბელგიის ჩემპიონატი, 1983 წელს კი უეფას თასი. 1998 წელს მისმა გაწვრთნილმა აიაქსმა ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. იმ აიაქსის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გახლდათ. 2000 წელს ნაკრები ჩაიბარა და მას შემდეგ „დინამიტებმა” 125 მატჩიდან 66 მოიგეს, 32 ფრედ დაასრულეს, 27 კი წააგეს.

ვარსკვლავი

დანიელ აგერი

27 წლისაა, მეექვსე წელია ლივერპულში თამაშობს, ნაკრებში 44 მატჩში 4 გოლი გაიტანა და სამართლიანად უკეთია კაპიტნის სამკლავური.

აგერმა პირველი სანაკრებო გოლი საქართველოს გაუტანა. 2005 წლის 7 სექტემბერს, გერმანია 2006-ის შესარჩევში, ოლსენის გუნდმა გაიოზ დარსაძის გაწვრთნილი ნაკრები 6:1 გაანადგურა, აგერმა კი ანგარიში 3:1 გახადა.

2007 წელს ის დანიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ტაბულას რეიტინგი: 29

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 7
დაცვა – 8
ნახევარდაცვა – 7
თავდასხმა – 7


გერმანია ფიფას რეიტინგი – 2

პირველი საერთაშორისო მატჩი: 05.04.1908 შვეიცარია – 3:5
ყველაზე დიდი გამარჯვება: 01.07.1912 რუსეთი – 16:0
ყველაზე დიდი მარცხი: 13.03.1909 ინგლისი – 0:9
ყველაზე მეტი თამაში: ლოთარ მათეუსი – 150
ყველაზე მეტი გოლი: გერდ მიულერი – 68

გერმანია ტურნირის რეკორდსმენია: თასი ყველაზე მეტჯერ, სამჯერ მოიგო – 1972, 1980 და 1996 წლებში, სამჯერაც ფინალში ითამაშა: 1976, 1992 და 2008.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული, ბუნდესგუნდი ყველა დიდ ტურნირს მედლით ასრულებს: იმ წლის მუნდიალზე მესამე იყო, ევრო 2008 ვერცხლით დაამთავრა და მსოფლიოს ბოლო პირველობაზეც ბრინჯაოს დაეუფლა.

მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ამბობს, რომ ოქროს დროა: მისი გუნდი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ევრონაკრებია და სამართლიანად ითვლება ამ ჩემპიონატის ფავორიტად.

უკვე გამოქვეყნდა გაფართოებული შემადგენლობა. თვალშისაცემია, რომ მწვრთნელის 27 რჩეულიდან მხოლოდ რვაა 26 წლის და უფროსი – უმეტესობა 22-23 წლისანი არიან. ყველაზე ასაკოვანია მიროსლავ კლოზე (33 წლის), რომელიც არცთუ წარმატებული სეზონის მიუხედავად, მაინც ლიოვის ფავორიტად რჩება.

ჯგუფის პირველ მატჩამდე ბუნდესნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 26 მაისს ბაზელში შვეიცარიას ესტუმრება, 31 მაისს კი ლაიპციგში ისრაელს უმასპინძლებს.

მწვრთნელი

იოახიმ ლიოვი

გუნდი იურგენ კლინსმანისგან ჩაიბარა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ. მის ხელში ნაკრები უფრო გაძლიერდა და ეს ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოშიც გამოჩნდა – გერმანელებმა ათივე მატჩში იმარჯვეს.

საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნიერსბახმა განაცხადა, რომ პოლონეთ-უკრაინაში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ლიოვი თანამდებობაზე კონტრაქტის ბოლომდე, 2014 წლის მუნდიალის დასრულებამდე დარჩება.

ცნობისთვის: ბუნდესგუნდის ისტორიაში ლიოვს საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს – ჩატარებული თამაშების 68,4% მოიგო.

ვარსკვლავი

მესუთ იოზილი

23 წლისაა და უკვე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

2010 წელს ბრემენის ვერდერიდან მადრიდის რეალში გადავიდა და კიდევ უფრო დაიხვეწა. იოზილი სტაბილურად ხვდება ესპანური გრანდის ძირითად შემადგენლობაში: ორ სეზონში 105 მატჩში 17 ზუსტი დარტყმა და 49 საგოლე პასი მიითვალა. შარშან თასი მოიგო, წელს – ლა ლიგა.

2008 წელს მან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში იმარჯვა. იმ ტურნირის ფინალში იოზილი საუკეთესოდ ცნეს.

ტაბულას რეიტინგი: 37

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 9
დაცვა – 9
ნახევარდაცვა – 10
თავდასხმა – 8


პორტუგალია ფიფას რეიტინგი – 5

პირველი საერთაშორისო მატჩი: 18.12.1921 ესპანეთი – 1:3
ყველაზე დიდი გამარჯვება: 18.11.1994/09.06.1999 ლიხტენშტაინი და 19.11.2003 ქუვეითი – 8:0
ყველაზე დიდი მარცხი: 25.05.1947 ინგლისი – 0:10
ყველაზე მეტი თამაში: ლუიშ ფიგუ – 127
ყველაზე მეტი გოლი: პედრო პაულეტა – 47

ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1984 წელს ითამაშა და ნახევარფინალში გავიდა. 2000 წელსაც ნაბიჯი დააკლდა ფინალამდე, 2004 წელს კი, სამშობლოში, გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.

პორტუგალიელებმა პოლონეთ-უკრაინის საგზური შესარჩევის ფლეი-ოფში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით მოიპოვეს – სტუმრად 0:0, შინ – 6:2. მას შემდეგ ნაკრებმა ერთადერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: ვარშავაში პოლონეთთან – 0:0.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიური გრანდები მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობენ ევროთასებზე, ნაკრების ბირთვს მაინც ლეგიონერები შეადგენენ. იმავე პოლონეთთან მატჩისთვის გუნდში მიწვეული 22 მოთამაშიდან მხოლოდ 6 იყო პორტუგალიის ლიგიდან.

ჯგუფის პირველ მატჩამდე პაულო ბენტუს გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 26 მაისს ლეირიაში მაკედონიას უმასპინძლებს, 2 ივნისს კი ლისაბონში თურქეთს შეხვდება.

ბოლო ერთ წელიწადში პორტუგალიელებმა მხოლოდ ერთხელ წააგეს: ევროშესარჩევში დანიასთან. სამაგიეროდ, მოიგეს 5 მატჩი, აქედან 3 დიდი ანგარიშით.

მწვრთნელი

პაულო ბენტუ

42 წლის სპეციალისტი მთავარ მწვრთნელად 2010 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა, იმავე წლის 17 ნოემბერს კი მისმა გუნდმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 4:0 გაანადგურა. ეს იყო ესპანელთა ყველაზე მწარე მარცხი 1963 წლის შემდეგ!

სამწვრთნელო კარიერა ბენტუმ ლისაბონის სპორტინგში დაიწყო 2005 წელს – ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა, 2007 და 2008 წლებში კი პირველ გუნდთან ერთად ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.

1992-2002 წლებში ნაკრებში 35 შეხვედრა ჩაატარა.

ვარსკვლავი

კრიშტიანუ რონალდუ

მსოფლიოს 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს ნაკრების კაპიტანია. ამავდროულად, გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი (88 მატჩი) და ბომბარდირიც (32 გოლი).

პლანეტის უძვირფასესი მოთამაშე ევრო 2012-ს ბრწყინვალე ფორმაში და შესანიშნავი განწყობით ხვდება: მისი საოცრებების წყალობით, რეალმა, როგორც იქნა, ბარსას ჰეგემონია დაამხო ლა ლიგაში და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ეს ევროპირველობა რონალდუს ბრწყინვალე კარიერაში მესამეა, მაგრამ წინა ორ ტურნირზე საერთო ჯამში მხოლოდ სამჯერ ითამაშა.

ტაბულას რეიტინგი: 33

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 7
დაცვა – 8
ნახევარდაცვა – 8
თავდასხმა – 10

 

 

კომენტარები