წყალდიდობა

წყალდიდობასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგაშო მდგომარეობა მოხსნილია

თბილისში გუშინდელ წყალდიდობასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგაშო მდგომარეობა მოხსნილია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განაცხადა.

,,საგანგაშო სიტუაცია მოხსნილია, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ყველა იმ მისამართზე, რომელიც სტიქიამ დააზიანა, მთელი დღეა ვმუშაობთ და ვეხმარებით დაზარალებულებს.’’-აღნიშნა თემურ გიორგაძემ.

ბოლო მონაცემებით გუშინდელ წყალდიდობას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ორი ქალბატონი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოხუცი ქალბატონია.

როგორც ორთაჭალჰესის დირექტორი ზვიად ჩუბინიძე აცხადებს, მოქალაქეების დაღუპვა ფერდობებიდან ჩამოსულმა წყალმა გამოიწვია და არა მტკვრის ადიდებამ.

,,კოლექტორებმა ვერ უზრუნველყო ფერდობებიდან ჩამოსული წყლის გატარება. ამის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის ის, რომ ფოთლებმა და ტოტებმა, რომელიც წვიმამ ჩამორეცხა და ხეებიდან ჩამოიტანა, შემკრებ კოლექტორებში საცობები წარმოშვა და წყალი, რომელიც მტკვარში უნდა ჩასულიყო ქუჩაში აღმოჩნდა’’-განაცხადა ზვიად ჩუბინიძემ.

მდგომარეობის დასტაბილურების მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების სამსახური აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. 

კომენტარები