აშშ

კეიდენაუმ ნატოს ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით აშშ-ის პრიორიტეტებზე ისაუბრა

აშშ-ის სახელწმიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტინა კეიდენაუმ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის წინაშე ნატოს ჩიკაგოს სამიტის შესახებ ისაუბრა. როგორც ”რადიო თავისუფლება” იუწყება, მან  განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტზე მკაფიო განცხადება გაკეთდება არაწევრი, პარტნიორი ქვეყნების ნატოსკენ სწრაფვის მხარდასაჭერად. 

”რადიო თავისუფლების ”  ცნობით, თავის გამოსვლაში ტინა კეიდენაუმ ხაზი გაუსვა, რომ ნატოს სამიტს ჩიკაგო პირველად უმასპინძლებს ბოლო 13 წლის განმავლობაში. მისი თქმით, აშშ-ის მხარის უმთავრესი პრიორიტეტები ნატოს ჩიკაგოს სამიტზე იქნება: ავღანეთის საკითხი, კერძოდ ავღანეთის გარდაქმნის მორიგი ფაზის გამოცხადება, ნატოს მოდერნიზაცია და ნატოს ურთიერეთობა პარტნიორებთან.

Eurasianet.org - ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ნატოსა და ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტების სხდომაზე აღნიშნა, რომ აშშ და ნატო მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს.“ - განაცხადა ტინა კეიდენაუმ. მისი თქმით, აშშ საქართველოს რეფორმების პროცესს  უჭერს მხარს დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკის მიმართულებით.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული განცხადებით კეიდენაუმ სხდომაზე წამოჭრილ ერთ-ერთ მოსაზრებას უპასუხა იმის თაობაზე, რომ საქართველო იმიტომ ვერ გახდა ნატოს წევრი, რომ მის ტერიტორიებზე ისევ იმყოფებიან რუსი სამხედროები.

კომენტარები