აშშ

ობამას დაცვის სამსახურის სამ წევრს სამსახურიდან დაითხოვენ

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის სამ თანამშრომელს, რომლებიც კოლუმბიაში ამერიკის სამიტის გახსნამდე პროსტიტუციასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვნენ, სამსახურიდან დაითხოვენ.

ამის შესახებ ობამას დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწემ, პოლ მორისმა განაცხადა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქალაქ კართახენაში მომხდარი ინციდენტის გამოძიება მხოლოდ ახლა დაიწყო, უკვე გადაწყვეტილია, რომ  სამ თანამშრომელს სამსახურს დაატოვებინებენ. მორისის განცხადებით, მათ თავადაც შეუძლიათ წასვლის შესახებ განცხადება  დაწერონ.                                                                                      

CNN - ის ინფორმაციით, ობამას დაცვის სამსახურის ერთ-ერთ წევრს პენსიაზე გასვლა შესთავაზეს, კიდევ ერთმა კი თავისი სურვილით დატოვა სამსახური.

გასულ კვირას აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პრეზიდენტ ობამას ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე კოლუმბიაში ჩავიდნენ, სასწრაფოდ სამშობლოში დააბრუნეს და სამსახურიდან დროებით დაითხოვეს. აღინიშნა, რომ ისინი სამუშაოს მანამდე ვერ დაუბრუნდებოდნენ, სანამ გამოძიება არ დაადგენდა, ჩაიდინეს თუ არა შეუსაბამო ქმედებები.

 

კომენტარები