ფეხბურთი

სცენარისტი ნოველისტი ჟურნალისტი ფეხბურთელი

ბევრ ჩვენგანს უნანახავს უილიამ უაილერის ცნობილი პეპლუმი, თერთმეტი ოსკარის მფლობელი „ბენ-ჰური”. „ბენ-ჰურის” რეკორდი მხოლოდ ორჯერ, 1998 წელს კამერონის „ტიტანიკმა” და 2004 წელს „ბეჭდების მბრძანებლის” მესამე ნაწილმა გაიმეორეს. უაილერის ნამუშევარმა, 1960 წლის ოსკარზე თორმეტი ნომინაცია მიიღო და თერთმეტში გაიმარჯვა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მეთორმეტე ჯილდო ამ ლეგენდარულ ფილმს 1930-იანი წლების დანდი იუნაიტედის კაპიტანმა, ნილ პატერსონმა აართვა.

პატერსონი 1916 წელს, შოტლანდიის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ გრინოკში დაიბადა. სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ, სამოყვარულო დონეზე ფეხბურთის თამაში დაიწყო. ჯერ იყო ბაქი თისთლი, მერე ლეიტ ატლეტიკსი და შემდეგ უკვე ჯიმი ბრაუნლაის დანდი იუნაიტედი.

შიდა ფორვარდზე თამაშობდა. ეს პოზიცია 2-3-5 სქემის ნაწილი იყო, სქემის, რომელიც დიდი ხანია უკვე ფეხბურთში აღარ არსებობს. კარლ რაპანების, ელინიო ერერების და მოურინიოების გამოჩენამ, ინსაიდ ფორვარდები და სხვა შეტევაზე ორიენტირებული, დედოფალი ვიქტორიას დროინდელი პოზიციები ფეხბურთიდან გააქრო. შიდა ფორვარდის მიახლოებითი თანამედროვე ანალოგი, ცენრტრალური შემტევი ნახევარმცველია, თუნდაც იგივე მეორე თავდამსხმელი. იმ დროს დანდი იუნაიტედი დაბალ დივიზიონებში გამოდიოდა, ქალაქის მეორე გუნდის, დანდის ჩრდილქვეშ იყო და სწორედ ამიტომ, მოყვარულ პატერსონს იუნაიტედში მოხვედრა არ გაუჭირდა. 1936 წელს გუნდის კაპიტნად აირჩიეს, 1936-37 წლების სეზონი 26 თამაშით და 9 გოლით დაასრულა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთი მისი საქმე აღარ იყო და სპორტულ ჟურნალისტიკას მოჰკიდა ხელი.

ადგილობრივ გაზეთში ჟურნალისტად მუშაობა დიდხანს არ დასცალდა. ვერმახტი პოლონეთში შეიჭრა, ნევილ ჩემბერლენმა გერმანიას ომი გამოუცხადა. ომის წლები სამეფო საზღვაო ძალებში, გემზე გაატარა. როდესაც ბრიტანელებმა ჩრდილოეთის ზღვაში რეიხის ბისმარკების ჩაძირვა დაასრულეს, პატერსონი სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნებულმა, რამდენიმე ნოველა დაწერა, რისთვისაც Atlantic Award-ის ჯილდო მიიღო ლიტერატურაში. მისი მოკლე ისტორიები და ნოველები ითარგმნებოდა ფრანგულად, ესპანურად, შვედურად, ნორვეგიულად და იწერებოდა ბრაილის შრიფტზეც.

ბავშვობაში პერტშირის ტყეებში ხეტიალისას გადამხდარი ამბები, ტეის შიფიარდებში, სინგლ მალტის ფონზე მოსმენილი ისტორიები პატერსონს ფურცელზე გადაჰქონდა. პარალელურად მუშაობდა სცენარისტად. არ ენდობოდა რეჟისორებს, არ ანებებდა მათ სცენარის გადაკეთებას და ჩასწორებას, რის გამოც რამდენიმე პროექტიდან თავისი ნებით წამოვიდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერალი-სცენარისტის კარიერა მის საფეხბურთო კარიერას ემსგავსებოდა. ჯერ კიდევ მეორე ლიგაში თამაშობდა, მაგრამ 1959 წელს ნილ პატერსონმა დაწერა სცენარი ფილმისთვის Room at the Top, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ჯეკ კლეიტონის ნამუშევარმა, ჯერ კანის კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო, შემდეგ ოსკარზე ექვსი ნომინაცია, საიდანაც ორში გაიმარჯვა. სიმონე სინიორემ როგორც კანზე, ასევე ოსკარზეც მიიღო პრიზი საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში. ხოლო ამერიკის კინოაკადემიის მეორე ჯილდო დანდი იუნაიტედის კაპიტანს ერგო ადაპტირებული სცენარისათვის. ფილმს საფუძვლად უდევს ჯონ ბრეინის იმავე სახელწოდების ნოველა. რომანტიკული დრამა მოგვითხრობს ჯო ლაპტონის ისტორიას, რომელიც მუშათა კლასიდან ელიტაში მოხვედრას ცდილობს. კერი გრანტის აღნაგობა, ორი ზომით დიდი სმოკინგი, მუდამ სიგარეტით და ვისკით ხელში, მექალთანე, ნაომარი,

ამბიციური და ამავდროულად სენტიმენტებით გაჟღენთილი პროტაგონისტი, 50-იან წლებში მცხოვრები მამაკაცის კლასიკური პორტრეტი, რომელსაც ლოურენს ჰარვი ანსახიერებს.

ოსკაროსანმა ფეხბურთელმა ლოს ანჯელესში, დაჯილდოებაზე ჩასვლა ვერ მოახერხა. მისი უმცროსი ვაჟი, ჯონ პატერსონი იხსენებს: “იმ დღეს, როდესაც მამამ ოსკარი მიიღო, მახსოვს მთელი ღამე ტელეფონთან იდგა, კალიფორნიიდან ზარს ელოდებოდა”.

ნილ პატერსონის კარიერა ამ მოვლენის შემდეგ საგრძნობლად წინ წავიდა: როგორც იქნა, თავი დააღწია მეორე ლიგას. სხვადასხვა დროს მართავდა ბრიტანეთის კინოინსტიტუტს, ნაციონალურ კინოსკოლას და დიდი ბრიტანეთის სამხატვრო საბჭოს.

მიუხედავად ამერიკაში ბევრი ხანგრძლივი სამუშაო კონტრაქტისა, დანდის კაპიტანმა პერტშირი არ მიატოვა. გარდაიცვალა 1995 წლის 19 აპრილს, მშობლიურ კრიფში (ასევე იუენ მაკგრეგორის მშობლიური ქალაქი).

ვის უდევს სახლში ატლანტიკის პრემია ლიტერატურაში, ოსკარი ადაპტირებული სცენარისთვის და მათ უკან საფეხბურთო გუნდის კაპიტნის სამკლავური, რომელზეც ერთ სეზონში სამი ჰეთ-თრიკისთვის მიღებული ბეჯია მიმაგრებული? პასუხი ერთია – სცენარისტს, ნოველისტს, ჟურნალისტს, ფეხბურთელს, ჯეიმს ედმუნდ ნილ პატერსონს.

 

კომენტარები