თეატრი

ახალი თეატრალური სივრცე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში „მცირე სცენა“ გაიხსნა, სადაც მაყურებელმა პირველად ნინი ჩაკვეტაძის მიერ თარგმნილი და დადგმული, ამერიკელი დრამატურგის - სარა რულის „სუფთა სახლის“ სანახავად შეაბიჯა.

„თეატრის სარემონტო სამუშაოების დროს გავითვალისწინეთ, რომ დიდ სარეპეტიციო დარბაზს, ძირითადად ცუდი აკუსტიკის მიზეზით, სათანადოდ ვერ ვიყენებდით და ახალი სივრცის შექმნა გადავწყვიტეთ. გავჭერით კარი, ანუ შესასვლელი მაყურებლებისთვის, ჭერზე და კედლებზე დავამაგრეთ აკუსტიკური ფილები. ყველაფერი ბოლომდე დასრულებული არ არის, ვგულისხმობ ტექნიკურ აღჭურვილობას, მაგრამ მინიმალისტური განათებითა და მუსიკალური გაფორმებით იქ უკვე თამაში. ვნახოთ, როგორ მიიღებს მაყურებელი სივრცეს, რომელიც პიესების საჯარო კითხვების ადგილადაც შეიძლება იქცეს. 1 აპრილიდან თეატრის ფოიეში გაიხსნება კაფე, სადაც მაყურებელს მეგობრებთან, შემოქმედებით ჯგუფთან გასაუბრების, ერთმანეთისთვის აზრების გაზიარების საშუალება მიეცემა“, - გვითხრა კინომსახიობთა თეატრის მმართველმა ზურა გეწაძემ, რომელსაც პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გავესაუბრეთ. ჩვენი შეხვედრა კინომსახიობთა თეატრის ნიუ იორკში გასტროლმა განაპირობა.

- ამერიკულ კომპანია „ზუბერინგი“ მუშაობს ქართველი ემიგრანტი გელა საჩანელი, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის, რომელთა რეგისტრირებული რაოდენობაც მხოლოდ 4 შტატში 60 ათას ადამიანს აღემატება, ძირითადად, კონცერტებს აწყობს. მსახიობ ეკა ანდრონიკაშვილთა საუბრის დროს, მას ქართული სპექტაკლის ჩატანის სურვილი გაუჩნდა და საბოლოოდ, არჩევანი რაფაელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეზე“ გააკეთეს, რომელიც გოგი მარგველაშვილმა 1995 წელს დადგა და დღემდე რეპერტუარშია, რამდენადაც მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს. მოლაპარაკებები წელიწადნახევარზე დიდხანს გაგრძელდა. სამუშაო ვიზების გაკეთების პროცესში ბევრი საბუთის მოგროვება და იმის მტკიცებაც კი დაგვჭირდა, რომ ჩვენი თეატრი ნამდვილად ფუნქციონირებდა და ვინც ამის რეკომენდაციებს იძლეოდნენ, რეალური პირები იყვნენ. გზის ხარჯების დაფარვაში დაგვეხმარა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მანანა მუსხელიშვილი და პირადად ნიკა რურუა,

რომელთა დახმარებითად ნიუ იორკში გავემგზავრეთ.

-როგორი გამოხმაურება მოჰყვა სპექტაკლს?

-წარმოდგენაზე დასასრებად ნიუ იორკში ჩამოვიდნენ ქართველები ნიუჯერსიდან, ვაშინგტონიდან, ფილადელფიიდან, რაც დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან მგზავრობაში 5-6 საათი მაინც დასჭირდებოდათ, სპექტაკლის შემდეგ კი ნიუ იორკში მოუწევდათ ღამის გათევა . . . ერთი მაყურებელი, როგორც შევიტყვეთ, კანადიდან ჩამოვიდა... მათთან შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა. თითოეული მსახიობის სცენაზე გამოჩენას დარბაზი ტაშით ხვდებოდა. სპექტაკლის სიუჟეტიდან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან მხიარულად წარიმართა, იყო ოვაციები და ცუდი ამინდის მიუხედავად, გასასვლელთან მაყურებლის ლოდინი. . . სპექტაკლს ესწრებოდა მთელი დიპლომატიური კორპუსი: საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი, გაეროს ქართული მისიის წარმოამდგენლები კახა ლომაიას ხელმძღვანელობით, სათვისტომოების ხელმძღვანელები და ა.შ. ასევე ჩამოვიდა ამერიკაში ცნობილი „სინეტიკ თეატრის“ მსახიობი და აღმასრულებელი მენეჯერი ირაკლი კავსაძე. წარმოდგენა ნიუ იორკის უნივერსიტეტის 900 კაციან თეატრალურ დარბაზში გაიმართა.

-საქმიანი წინადადებები ხომ არ მიიღეთ?

- ამერიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შევხვდით ნიუ იორკის კინოაკადემიის წარმომადგენლებს, რათა კონტაქტი დაგვემყარებინა და მათთვის ერთობლივი პროექტების განხორციელება შეგვეთავაზებინა. მათთან ისწავლება ყველაფერი, რაც კინოს გადასაღებად არის საჭირო, ამიტომაც იქ შეგვიძლია გავაგზავნოთ როგორც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე პედაგოგები, რომლებიც გადამზადების კურსს გაივლიან და უკეთესი გამოცდილებით დაგვიბრუნდებიან. შესაძლებელია ჩამოვიდეს 6 კაციანი ჯგუფი, რომლის წევრებიც სხვადასხვა მიმართულებებით იმუშავებენ და მასტერკლასებს საქართველოში, კინომსახიობთა თეატრის ბაზაზე ჩაატარებენ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ნიუ იორკის კინოაკადემიაში საკმაოდ მაღალ დონეზე ასწავლიან კინოკამერასთან მუშაობის სპეციფიკას, რაც თეატრალურ ინსტიტუტში არ ისწავლება და რომლის არცოდნაც მსახიობებს გადასაღებ მოედანზე სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საქმის კურსშია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ვითანამშრომლებთ აკადემიასთან, რომლის მოწვეული პედაგოგებიც არიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები, მაგალითად: სტივენ სპილბერგი, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ა.შ.

ნიუ იორკში, როგორც მსოფლიო კულტურის ცენტრში, თავმოყრილია ყველაფერი, დაწყებული ჯაზიდან დამთავრებული კლასიკური მუსიკით; ჩემი იქ ყოფნის დროს მეტროპოლიტენ ოპერაში წამყვან არიებს ქართველები ასრულებდნენ და სწორედ მათი წყალობით მოვხვდი ჯერ მოდესტ მუსორგსკის „ხოვანშინაზე“, რომელშიც გიორგი გაგნიძე მღეროდა, შემდეგ ჯუზეპე ვერდის „აიდაზე“, სადაც ლადო ათანელს მაყურებელი ისე შეხვდა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა მსოფლიო კულტურულ სივრცეში.

-„სინეტის თეატრის“ (http://www.synetictheater.org) საქართველოში გასტროლს მაყურებელი დიდი ხანია ელოდება. ქართველი ხელოვანების წარმატებული შემოქმედებითი გაერთიანება როდის გვესტუმრება?

-ირაკლი კავსაძესთან ვმეგობრობთ, თეატრალურ ინსტიტუტშიც ერთ პერიოდში ვსწავლობდით და მათი წარმატებები ძალიან გვიხარია. ამერიკაში რაც კი თეატრალური პრემიაა, ყველაფერი მიღებული აქვთ. კარგი იქნება, თუ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩამოვლენ, მაგრამ როგორც ირაკლიმ გვითხრა, საქართველოში გასტროლი უკვე დაგეგმილი აქვთ, სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ საკუთარ სპექტაკლს ფესტივალის პროგრამით წარმოგვიდგენენ თუ არა, მოგვიანებით დაზუსტდება. ჩვენი მხრიდან „სინეტიკ თეატრის“ წარმოდგენების ნახვის სურვილი დიდია.

 

კომენტარები