თეატრი

იოსებ ხვედელიძე: თუმანიშვილის თეატრმა სასჯელი დამიწესა შეხედულებების გამო

Be Funky

მსახიობმა იოსებ ხვედელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც თუმანიშვილის თეატრიდან წამოსვლის მიზეზებზე ილაპარაკა. ხვედელიძის თქმით თეატრმა ის დასაჯა და 2017 წლის შემდეგ მისთვის როლი არ მიუცია.

"შეიძლება გადაჭარბებულია იმის იმედი, რომ ბოლო მსახიობი ვიქნები, რომელიც თეატრს იმ მიზეზით ტოვებს, რა მიზეზიც გახდა ჩემ შემთხვევაში გადამწყვეტი. 2017 წლის შემდეგ თეატრმა გარკვეული "სასჯელი"დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო. მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ფაქტობრივად გამინულდა ხელფასი. ჩარიცხული თანხის ნაწილი იქვითებოდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე. წლების განმავლობაში დაზღვევის ფასის ზრდასთან ერთად,ხელზე ასაღები თანხის ოდენობა მცირდებოდა. განახლებული სადაზღვევო პოლისის შემდეგ კი, ,,დარჩენილმა,, თანხამ შეადგინა მხოლოდ 7 ლარი. დიდი მადლობა თეატრს დზღვევისთვის. ჩემგან დაუსწრებლად სავარაუდოდ ბევრი არგუმენტი გაჩნდა მათი ნაბიჯის გასამართლებლად. 5 წლის განმავლობაში თეატრს არც ერთხელ გამოუთქვამს ჩემთან დიალოგის სურვილი. მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა ეს სურვილი,რაც განცხადება დავწერე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. დიალოგის რესურსს ნამდვილად ვერ ვხედავდი არსებული უსამართლობის გამო და უარი ვთქვი ამ შეხვედრაზე. მოვითხოვე განცხადება შესაბამის დაფაზე განთავსებულიყო. ჩემი წასვლის ნამდვილი მიზეზი მინდოდა გაეგოთ ჩემს კოლეგებს. რა თქმა უნდა ასე არ მოხდა. ამიტომ გიზიარებთ ჩემს განცხადებას. ცხადია აქ არ დასრულდება ამ თემაზე მსჯელობა და ყოველთვის მოძებნიან თავის გასამართლებლად არგუმენტებს. ძალიან მტკივნეული და უიმედოა ამ სამარცხვინო დეტალების ჩამოთვლა. შესაბამისად თავს აღარ შეგაწყენთ. ვუსურვებ ყველას წარმატებას. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ერთად გატარებული წლებისთვის. იმედია სწორად გაიგებთ ამ იძულებითი გადაწყვეტილების მიზეზს". – წერია პოსტში.

პოსტს თანდართული აქვს თუმანიშვილის თეატრის დირექტორის ზურაბ გეწაძისა და სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის სახელზე დაწერილი იოსებ ხვედელიძის განცხადება:

"2017 წელს რეპერტუარიდან მოიხსნა ყველა სპექტაკლი ჩემი მონაწილეობით. მიზეზად დასახელდა დამდგმელი რეჟისორის გამოუცხადებლობა აღდგენით რეპეტიციებზე, თუმცა ამავე რეჟისორის სხვა სპექტაკლები დაბრუნდა რეპერტუარში მისგან დამოუკიდებლადაც. ვიცი, რომ თეატრის კოლექტივში არსებობს მოსაზრება, თითქოს მე ყველა შემოთავაზებულ როლზე უარს ვამბობ, თუმცა ჩემი თეატრში ყოფნის ცამეტი წლის მანძილზე, ასეთი შემთხვევა მხოლოდ სამჯერ მოხდა და სამივეჯერ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ თეატრში მსახიობებს გვაქვს გარკვეულ პროექტებზე უარის თქმის უფლება და ეს უფლება თეატრთან შეთანხმებით გამოვიყენე არა მხოლოდ მე, არამედ დასის სხვა წევრებმაც". – წერია განცხადებაში.

იოსებ ხვედელიძე თეატრისა და კინოს მსახიობია. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: კამინო რეალი, სამეფო ოჯახი (თუმანიშვილის თეატრი), სხვისი შვილები, მახინჯი (სამეფო უბნის თეატრი), ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ზამთრის ზღაპარი (მოზარდ მაყურებელთა თეატრი). ასევე ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში ჩემი ცოლის დაქალები, ტიფლისი, ბერი. 

კომენტარები