თეატრი

თეატრალური საჩუქრები

შემოდგომა კულტურული ღონისძიებებით დატვირთული პერიოდია. წლევანდელი კიდევ უფრო თეატრალური გამოვა, რამდენადაც ორი საერთაშორისო ფესტივალი გველოდება.

ქართული ოცნების დაწინაურების შემდეგ, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები დაინტერესდნენ, გაგრძელდებოდა თუ არა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზების ტრადიცია, რომელსაც საფუძველი 2009 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩაეყარა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მასშტაბური ღონისძიება ნაციონალური მოძრაობის კულტურული აქტივობის მაგალითი გახდა. შესაბამისად, გამოითქვა ვარაუდი ფესტივალის აღარ ჩატარების ან ტრანსფორმირების შესახებ. გამოიკვეთა აზრი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა 1997 წელს ამოქმედებულ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარს", რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე, დაფინანსების შეჩერების მიზეზით, აღარ იმართებოდა. ქეთი დოლიძეს (ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი) მთავრობის შეცვლა მხოლოდ „საჩუქრის" აღდგენისთვის უნდოდაო, აღნიშნავდნენ არამხოლოდ თეატრალები, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „საჩუქარი" არსებობას პრემიერმინისტრის მხარდაჭერით აგრძელებდა. არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებების ფონზე, ორივე თეატრალური ფესტივალის შენარჩუნება, გამორჩეულად სასიხარულო თეატრალური ხელოვნების მოყვარულებისთვის აღმოჩნდა.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (19 სექტემბერი – 8 ოქტომბერი)

წლევანდელ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილია ისეთი რეჟისორის დადგმა, რომლის სანახავადაც, როგორც შევიტყვე, უცხოელი მაყურებელი საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის. ასეთი ფაქტი მანიშნებელია იმის, რომ თბილისის თეატრალური ფესტივალის მასშტაბი გაზრდილია და მხოლოდ ადგილობრივი თუ ლოკალური ინტერესების დაკმაყოფილებით აღარ შემოიფარგლება.

The Animals and Children Took to the Streets.
რომელი რეჟისორის წარმოდგენის ნახვა შეიძლება გახდეს თბილისში ჩამოსვლის ბიძგი ან მიზეზი? „მსოფლიო თეატრის მთავარ ჯოკერად" აღიარებული რობერტ ლეპაჟის (რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, სცენარისტი, კვებეკის თეატრ Ex Machina-ს დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რომლის 2000 წელს განხორციელებული „მთვარის შორი მხარე", 20 და 21 სექტემბერს, ფესტივალის საერთაშორისო პროგრამას გახსნის.

თეატრალურ ხელოვნებასთან პროფესიულად დაკავშირებული მაყურებლისთვის საინტერესო უნდა იყოს „ლეპაჟის შედევრად" მონათლული წარმოდგენის ნახვა, სადაც მთავარ როლს, 2007 წლამდე, თავად რეჟისორი ასრულებდა. კანადელი ხელოვანის (პიტერ გებრიელის კონცერტებისა და „ცირკ დიუ სოლეის" (Cirque du Soleil) შოუს დამდგმელი) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგს ქართველი მაყურებელი ივ ჟაკის მონაწილეობით იხილავს.

საიუბილეო ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა გაგრძელდება თეატრალურ ფორმათა მრავალფეროვნებითა და ექსპერიმენტებით გამორჩეული ქვეყნის – პოლონეთის წარმოდგენით, რეჟისორია მაია კლეჩევსკა, რომლის „ღმერთების დაცემა" ქართველმა მაყურებელმა შარშანდელი ფესტივალის ფარგლებში ნახა. სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრში ითამაშეს, როცა საქართველოში „ციხის კადრები" სულ რამდენიმე დღის გავრცელებული იყო. მახსოვს, დარბაზში მსხდომთა ნაწილი, მათ შორის ხელოვანები, ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომ სცენაზე გათამაშებულ ნაციზმსა და ძალადობას ვეღარ გაუძლეს და დარბაზის დატოვება დაიწყეს. არადა, ღირდა ნახვად! თუნდაც, პრობლემის განზოგადებისთვის და არა პირდაპირ, ერთმნიშვნელოვნად მიღებისთვის. არანაკლებ ადეკვატური და „შესატყვისი" უნდა იყოს წარმოდგენა, რომელიც მაია კლეჩევსკამ კვლავაც იან კოხანოვსკის სახელობის თეატრ ოპოლეში განახორციელა. 23 სექტემბერს მაყურებელი „ეპატაჟურობისკენ მიდრეკილი" რეჟისორის უილიამ შექსპირის „მაკბეტის" თანამედროვე ინტერპრეტაციას ნახავს.

After the Battle.
24, 25 და 26 სექტემბერს, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების დიდი სცენები დაეთმობა რუმინეთის ეროვნული თეატრის – რადუ სტანსას პროდუქციას. წარმოდგენათა დრამატურგიული და ლიტერატურული საფუძველი ამჯერადაც არ იქნება უცნობი, პირიქით: ჯერ შემოგვთავაზებენ სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინს", ხოლო შემდეგ ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობას". ორივეს რეჟისორია რუმინელი სილვიო პურკარეტე, რომელიც მასიური მრავალფიგურიანი წარმოდგენების ოსტატად ითვლება და მაყურებელს, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დადგმით, ვფიქრობ, ადვილად დააინტერესებს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მაყურებელს გავახარებ, თუ ვიტყვი, რომ წლევანდელ საერთაშორისო პროგრამაში ჩართულია კომპანია Gecko (დიდი ბრიტანეთი), რომლის გოგოლის „შინელმაც", პირველ საფესტივალო წელს, ქართველი მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ვიმედოვნებთ, ამიტ ლაჰავის „დაკარგული" ისეთივე დასამახსოვრებელი აღმოჩნდება, როგორიც იყო „შინელი".

კავკასიის რეგიონიდან არჩეულია სომეხი რეჟისორი აკოპ კაზანჩიანი, რომელიც 2009 წლის ფესტივალში მონაწილეობდა. ერევნის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ამჯერად ედიტ პიაფის ტრაგიკულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს სპექტაკლში „მარსელი".

საერთაშორისო პროგრამაში შეტანილია თოჯინური წარმოდგენა, რომლის რეჟისორია ლევან წულაძე. ხუან რამონ ხიმენესის პიესის მიხედვით განხორციელებული „პლატეროს მოგზაურობა ვირთან ერთად" რამდენიმე შემოქმედებითი გაერთიანების ერთობლივი პროდუქტია. „ეს არის მუსიკალური მოგზაურობა მკვირცხლი ვირით პატარა ესპანურ ქალაქში", – აღნიშნულია ფესტივალის საიტზე (http://www.tbilisiinternational.com/ge/), საიდანაც ვიგებთ, რომ ლევან წულაძესთან ერთად, ზრდასრული მაყურებლისთვის შექმნილი წარმოდგენის მომზადებაში წვლილი მაიკ მარანს (ადაპტირებული ვერსიის ავტორი და მთხრობელი), ნინო მამიჭეიშვილს, კრეიგ ოგდენს და მარიო კასტელნოუვო ტედესკოს მიუძღვით.

იტალიის ემილია-რომანიას თეატრი გვთავაზობს წარმოდგენას „ბრძოლის შემდეგ", ავტორი და რეჟისორია პიპო დელბონო, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა აღმოსავლურ თეატრს, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მუშაობდა მსოფლიოში აღიარებულ პინა ბაუშთან.

Gulliver’s Travels.
კომპანია Gecko-ს გარდა, დიდი ბრიტანეთი წარმოგვიდგენს კომპანია 1927-ის უჩვეულო სანახაობას „ბავშვები და ძაღლები მოედვნენ ქუჩას", რომლის რეჟისორია სუზან ანდრანდე. „ორიგინალური თეატრალური მოგზაურობა" პრესამ „სრულყოფილ წარმოდგენად" შეაფასა.

საერთაშორისო პროგრამის პარალელურად, მაყურებელს საშუალება ეძლევა დაესწროს პროგრამა NEW-ს ფარგლებში წარმოდგენილ სპექტაკლებს რუმინეთიდან, ფინეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან. მათ შორის, ისრაელში განხორციელებული დამოუკიდებელი პროექტის, სახელწოდებით „რა უსასრულოდ, უსაზღვროდ ცივა...", ავტორი, რეჟისორი და სცენოგრაფია ნანა ბერაძე, რომელმაც წარმოდგენა ნანა საბაშვილის ლექსებზე ააგო.
საერთაშორისო პროგრამის გვერდით, არანაკლებ საინტერესოა, რითი წარდგებიან ქართული თეატრები. ამის შესახებ ტაბულას საიტიდან (http://www.tabula.ge/) შეიტყობთ.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" (13 – 27 ოქტომბერი)

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი მეთორმეტედ გაიმართება. მისი ორგანიზებისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 200 000 ლარი გამოყო. მართალია, საფესტივალო პროგრამა საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, შემოთავაზებულიდანაც (http://www.giftfestival.ge/) შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისგან განსხვავებით, „საჩუქარი", შეიძლება ითქვას, უფრო მეტად რეტროსპექტულია და თეატრის მკვლევრებს გვაძლევს საშუალებას, კონკრეტული რეჟისორი არა მხოლოდ ერთი დადგმით, არამედ ერთდროულად რამდენიმე ნამუშევრით შევაფასოთ. ამის მაგალითია დიმიტრი კრიმოვი (რუსი მხატვარი, სცენოგრაფი, რეჟისორი. დაიბადა ცნობილი რუსი თეატრალური რეჟისორის – ანატოლი ეფროსის ოჯახში, რომელთანაც მიხეილ თუმანიშვილი მეგობრობდა), რომელიც ფესტივალზე ოთხი სპექტაკლით – „ოპუსი N7", „ჟირაფის სიკვდილი", „Катя, Соня, Поля, Галя, Вера, Оля, Таня...", „სამი და" – ჩამოვა.

Waiting for Godot.
პროფესიონალების განსაკუთრებული მოლოდინი მაინც მსოფლიოში აღიარებული რეჟისორის – პიტერ ბრუკის დადგმას უკავშირდება. ფესტივალის პროგრამაში შეტანილი „კოსტიუმი" აფრიკელი ავტორის – კემ თემბას პიესის მიხედვით შეიქმნა. მამის ნამუშევართან ერთად, ირინა ბრუკი ქართველს მაყურებელს საკუთარ დადგმასაც, სახელწოდებით „კუნძულის ტრილოგია" (შექსპირის „ქარიშხალი", ჰომეროსის „ოდისეა", მარივოს „მონათა კუნძული"), წარუდგენს.
კიდევ ერთი ცნობილი ხელოვანი, ვისი სახელის პროგრამაში შეტანითაც ფესტივალის ორგანიზატორები ამაყობენ, საშა ვალცია. მისი დადგმებიდან ქართველი მაყურებელი ქორეოგრაფის „სავიზიტო ბარათად" მიჩნეულ „თრეველოგ ტრილოგიას" ნახავს.

კინომსახიობთა თეატრში ჩატარებული პრესკონფერენციიდან შევიტყვეთ, რომ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მუსიკალური, საცირკო, ცეკვის, თოჯინური წარმოდგენები. აღნიშნულის გარდა, შემოქმედებითი ჯგუფები ჩამოვლენ ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან. წარმოდგენები თანამედროვე დრამატურგიისა და ლიტერატურის ინტერპრეტაციითაც დაგაინტერესებთ.

ფესტივალი „საჩუქარი", რომელიც, მისი სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ედინბურგის ფესტივალის ანალოგია, ძირითადად, უცხოურ წარმოდგენებს გვთავაზობს. აღდგენილი ფესტივალის პროგრამაში ქართული დადგმებიდან შესულია: რობერტ სტურუას „ნადირობის სეზონი" და გოგა თავაძის „თავფარავნელი ჭაბუკი". რუსეთის მუსიკისა და დრამის თეატრი წარმოდგენილია „ანდერგრაუნდით", რომელიც რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ინგა გარუჩავასა და პეტრე ხოტიანოვსკის პიესის მიხედვით დადგა, ხოლო ლიტვის იოზო მილტინიოს სახელობის პანივეჟისის თეატრი – სპექტაკლით „გამარჯობა, ხალხო!" (ნოდარ დუმბაძის მიხედვით), რეჟისორი – ვასილ ჩიგოგიძე.

„საჩუქრის" ორგანიზატორები გვაიმედებენ, რომ საფესტივალო წარმოდგენების ნახვა მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მალე დაზუსტდება პროგრამა, რომელიც საბოლოო არჩევანის გაკეთების საშუალებას მოგცემთ. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, ხელმძღვანელებს უკვე დადგენილი აქვთ როგორც ბილეთების, ასევე აბონემენტების ფასები: ბილეთების მერყეობს 10-დან 55 ლარამდე, ხოლო სამი კატეგორიის აბონემენტების ღირებულებაა – 140, 170, 210 ლარი.

კომენტარები