სერბეთი

ტადიჩი ორ ცეცხლს შუა

სერბეთის პრეზიდენტ ბორის ტადიჩის პრობლემები ამინდმა უფრო გაართულა. დიდთოვლობისა და ყინვების გამო, ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტადიჩზე, ამინდის მსგავსად, არც მისი პოლიტიკური მომავალია დამოკიდებული. მარტის დასაწყისში ბრიუსელი გადაწყვეტს, მიანიჭებს თუ არა სერბეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. შემდეგ კი ტადიჩს საპარლამენტო არჩევნები ელის. 14-15 თებერვალს კოსოვოს სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ რაიონებში ჩატარებული რეფერენდუმი პრეზიდენტს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს.

ევროკავშირს სერბეთის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე გადაწყვეტილება, დეკემბერში უნდა მიეღო. ბრიუსელმა დალოდება არჩია. კოსოვოს მთავრობა ჩრდილოეთში, სერბებით დასახლებულ 4 მუნიციპალიტეტს ვერ აკონტროლებს. პრიშტინას მცდელობებს, ამ ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია გაევრცელებინა, ადგილობრივი მოსახლეობისგან ბარიკადების აგება და NATO-ს მშვიდობისმყოფელებთან შეტაკებები მოჰყვა. დეკემბერში რამდენიმე გერმანელი სამხედრო დაშავდა. ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიებით დაკავებულმა ევროპელებმა, გადაწყვეტილების მიღება გადადეს.

სერბული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციამ 14-15 თებერვალს რეფერენდუმი ჩაატარა. მოსახლეობის 99%-მა პრიშტინას ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარი თქვა. რეფერენდუმის შედეგებს იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვთ. სერბული მოსახლეობა ეჭვობს, რომ ბელგრადმა ისინი ევროკავშირში შესვლის პერსპექტივაზე გაცვალა. მათ სერბეთის ხელისუფლებისათვის თავის შეხსენება სურდათ.

ბორის ტადიჩმა საპარლამენტო არჩევნები 6 მაისამდე უნდა დანიშნოს. მან ფსონი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე გააკეთა. ტადიჩი რეფერენდუმსაც ეწინააღმდეგებოდა. მისი ოპოზიცია ევროკავშირის გადაწყვეტილებას ჩასაფრებული ელის. თუ ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას, რეგიონულ შეკრებებზე კოსოვოს ჩართვას დათანხმდება, პრეზიდენტს მოღალატის იარლიყის მიკერება ემუქრება. ტადიჩმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებენ თუ არა კოსოვოს სერბული მუნიციპალიტეტები სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მეორე მხრივ, რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ტადიჩისთვის ერთადერთი იმედია. 2009 წლის შემდეგ, უმუშევრობა 14-დან 24%-მდე გაიზარდა. ექსპერტების ვარაუდით, უარყოფითმა სავაჭრო დეფიციტმა და საგარეო ვალის ზრდამ ქვეყანა, შესაძლოა, საბერძნეთის გზას გაუყენოს.

ტადიჩი პროევროპულ პოლიტიკოსად ითვლება. მის ოპონენტებს შორის არიან ნაციონალისტური ძალები, რომლებიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან. სერბეთის პროგრესულ პარტიას, რომელიც 2008 წელს სერბეთის რადიკალურ პარტიას გამოეყო, 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. არჩევნებში მონაწილეობის ენთუზიაზმს მოსახლეობა არ ამჟღავნებს. შესაბამისად, პროგრესული პარტიის გამარჯვება მოულოდნელი არ იქნება. მეორე მხრივ, თუ ვერცერთი პარტია ხმათა მნიშვნელოვან რაოდენობას ვერ მოაგროვებს, ქვეყანაში, შესაძლოა, დაძაბულობა გამძაფრდეს. მიმომხილველთა შეფასებით, ასეთი მდგომარეობა სერბეთში 2000 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ხელისუფლებას ექსპრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი ჩამოშორდა.

სერბეთისგან განსხვავებით, ხორვატიამ უკვე მიიღო ევროკავშირში შესვლის თანხმობა. იანვარში ხორვატებმა რეფერენდუმიც ჩაატარეს. მოსახლეობის ორმა მესამედმა თანხმობა განაცხადა – ქვეყანა ევროკავშირში ოფიციალურად 2013 წლის 1 ივლისს გაწევრიანდება. ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება შორსმიმავალი გეგმის ნაწილია. მისი მიზანი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი, კონფლიქტებით დახუნძლული რეგიონის სტაბილიზაციაა. ჩერნოგორიას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და ბრიუსელთან წევრად გახდომის შესახებ მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაიწყებს. კანდიდატის სტატუსი აქვს მაკედონიასაც. ალბანეთი მოლაპარაკებებს აგრძელებს. ბოსნიის ახალი მთავრობა ევროკავშირის წევრობის ფორმალური განაცხადის გაკეთებას აპირებს. ტადიჩის ევროპული ოცნების მომავალი კი ბრიუსელში ორიოდე კვირაში გამოჩნდება.

 

კომენტარები