უელსელმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში მე-900 ოფიციალური მატჩი ჩაატარა: ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში ოლდტრაფორდელებმა სტუმრად 2:1 დაამარცხეს ნორვიჩ სიტი, გიგზმა კი იუბილე უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლით აღნიშნა!
”ის შეუდარებელია! 1991 წლიდან თამაშობს ჩვენთან და ყოველ სეზონში საუკეთესო იყო. პოლ სქოულზთან ერთად ის მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის უძლიერეს მოთამაშედ მიმაჩნია,” - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც 1986 წლიდან ხელმძღვანელობს მანჩესტერულ კლუბს.
ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანმა ფეხბურთელმა - რაიან გიგზმა იუნაიტედში 33 ტიტული მოიგო - 631-ჯერ ითამაშა პრემიერლიგაში, 70-ჯერ - ასოციაციის თასზე, 38 მატჩი ჩაატარა ინგლისის ლიგის თასზე, ევროპის საკლუბო ტურნირებში - 143, სხვა შეჯიბრებებში კი 18.
900 მანჩესტერულ მატჩში გიგზმა 163 გოლი გაიტანა.
ახლახანს, 10 თებერვალს, მანჩესტერ იუნაიტედმა რაიან გიგზთან 2013 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.




