წელს უნგრეთი საკანონმდებლო ცვლილებებითა და ფინანსური კრიზისით შეხვდა. ამან როგორც უნგრელებს, ისე ევროკავშირის ხელმძღვანელობას საახალწლო განწყობა გაუფუჭა. ახალი კანონმდებლობა დასავლეთში, დემოკრატიიდან ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობისკენ შემობრუნებად აღიქმება. 2 იანვარს ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც რამდენიმე ათეულ ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ვერც საკუთარი მოსახლეობის უკმაყოფილებამ და ვერც ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეწოლამ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს პოლიტიკური კურსიდან ჯერჯერობით ვერ გადაახვევინეს.
უნგრეთის საჯარო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 80 პროცენტს აჭარბებს (ევროკავშირში დაშვებული ზედა ზღვარი 60 პროცენტია). სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 10 პროცენტს მიუახლოვდა, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა, შესაძლოა, დეფოლტის პირას მიიყვანოს. საერთაშორისო საფინანსო საკონსულტაციო კომპანიებმა უნგრეთის საკრედიტო რეიტინგი მკვეთრად დაადაბლეს, ფულის ერთეულის, ფორინტის კურსი ეცემა. საბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელად (რომელიც ევროკავშირში დაწესებულ ზღვარს, მშპ-ს 3 პროცენტს აჭარბებდა) მთავრობამ სადავო გადაწყვეტილება მიიღო. მან კერძო საპენსიო ფონდების ნაციონალიზაცია მოახდინა – აქტივების რაოდენობა 14.6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი ჰქონდა.
ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უნგრეთის დასახმარებლად მზად არიან. მაგრამ პარტია ფიდესმა, რომელიც პარლამენტში ადგილების 2/3-ზე მეტს ფლობს, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს დამოუკიდებლობა შეუზღუდა. მისმა თავმჯდომარემ დაკარგა პრივილეგია საკუთარი მოადგილეები თავად აერჩია, საპროცენტო განაკვეთების დაწესების პრივილეგია მონეტარულმა საბჭომ მიიღო. ახალი კანონი შესაძლებელს ხდის ცენტრალური ბანკის შერწყმას ფინანსურ რეგულატორთან. ამით ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა ქვეითდება.
ევროკავშირის კანონმდებლობა წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობას მოითხოვს. დახმარების პაკეტის სანაცვლოდ ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უნგრეთისგან კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. 17 იანვარს ევროკომისიამ გადაწყვიტა, უნგრეთის კანონების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის თაობაზე საქმე აღეძრა. ორბანმა უკან დაიხია და განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის შესახებ კანონმდებლობა შეიცვლება, მაგრამ ბრიუსელი უნგრელებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
მემარჯვენე პარტიად ცნობილი ფიდესი უნგრეთის ხელისუფლებაში 2010 წელს მოვიდა. მან ახალი კონსტიტუციაც მიიღო, რომელიც ძალაში 2012 წლის 1 იანვარს შევიდა. პრემიერ ორბანის განცხადებით, ის მიზნად ისახავს ქვეყანა საბოლოოდ გაათავისუფლოს კომუნიზმის ნარჩენებისგან. უნგრეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები სისტემის გადატვირთვას ჰგავს. საერთაშორისო კრიტიკას უნგრეთის მთავრობა პასუხობს, რომ ახალ კანონმდებლობაში არაფერია ისეთი, რაც სხვა ევროპული ქვეყნების კანონებში არ გვხვდება.
ფიდესის ცვლილებებმა მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დასანიშნად უფლებამოსილებები გაუზარდა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეეზღუდა ბიუჯეტთან და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის საშუალება. თავის მხრივ, სასამართლომ დეკემბერში გააუქმა კანონების ნაწილი მედიის რეგულაციის, რელიგიური კონფესიების შესახებ კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსიდან.
მწვავე რეაქცია გამოიწვია საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლამ. ერთ-ერთი უნგრული ანალიტიკური ცენტრის გამოთვლებით, ახლანდელი საზღვრებით ფიდესი ბოლო 3 არჩევნებიდან სამივეს მოიგებდა, რეალურად კი ორი წააგო.
ახალმა კონსტიტუციამ აკრძალა აბორტი, ხოლო ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრა. ერთ-ერთი პუნქტი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს უნგრეთის მოქალაქეობის მიღების საშუალებას აძლევს. მეზობელმა ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება უნგრული ირედენტიზმის შესაძლო გაღვივების გამო გააკრიტიკეს.
ცვლილებების მიხედვით, განახლებული კანონმდებლობის შეცვლის ან გაუქმებისათვის პარლამენტში ხმათა 2/3 იქნება საჭირო. შესაბამისად, მომავალი არჩევნების მოგების შემთხვევაში, ოპოზიციამ, შესაძლოა, კანონმდებლობის გადახედვა მაინც ვერ შეძლოს. მიუხედავად ყველაფრისა, ფიდესი ოპონენტებზე პოპულარულია. ოპოზიცია დაქსაქსულია. მთავარი ოპოზიციური ძალის, სოციალისტური პარტიის სისუსტის მიზეზი კი უნგრეთში მისივე მმართველობის 8-წლიანი პერიოდია. მომავალი არჩევნები 2014 წელს უნდა გაიმართოს. იქამდე კი ორბანს უნგრეთის „გადატვირთვა” სურს, თუმცა ასეთი ცვლილებებით, შესაძლოა, საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც უკან დასახევი გზა მოუჭრას.





