სააგენტო Reuters წერს, რომ უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ შექმნილი მედია იმპერია, რომელიც ორბანისთვის ხელისუფლებაში ყოფნის 16-წლიანი პერიოდის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო - გასულ თვეში არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ სწრაფად იშლება.
არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში, რომლებიც პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით ცენტრისტულ-მემარჯვენე ოპოზიციამ დიდი სხვაობით მოიგო, ორბანის მხარდამჭერი ყველაზე ცნობილი მედიასაშუალებების რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო პროგრამა საერთოდ გაუქმდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტონი ფაქტობრივად ერთ ღამეში შეიცვალა - ოპოზიციის წარმომადგენლები ეთერში უფრო ხშირად გამოჩნდნენ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მადიარი ოფიციალურად შეუდგებოდა პრემიერმინისტრის უფლებამოსილების შესრულებას, ხოლო ორბანის მხარდამჭერი ინფლუენსერები სოციალური მედიიდან თითქმის სრულად გაქრნენ.
ეს არის პირველი ბზარები ორბანის მკაცრად კონტროლირებულ მედია სისტემაში, რომელსაც ახალი მთავრობის პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება.
მადიარმა, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელს "სიცრუის ფაბრიკა" უწოდა, პირობა დადო, რომ აღადგენს პრესის თავისუფლებას, შექმნის ახალ კანონს მედიის შესახებ და მედიის ახალ მარეგულირებელ ორგანოს.
უნგრეთის ყველაზე პოპულარულმა ტელეარხმა, TV2-მ, არჩევნების შემდეგ საინფორმაციო სამსახურის დირექტორი გაათავისუფლა და თავისი მთავარი საინფორმაციო გადაცემა ეთერიდან მოხსნა. არხის მფლობელმა, ორბანის მხარდამჭერმა ბიზნესმენმა მიკლოშ ვასილიმ, გასულ კვირას გამოცემა 444.hu-ს უთხრა, რომ პროგრამა "ბრენდის დასუსტების" გამო გაუქმდა.
ორბანის მმართველობის პერიოდში უნგრული მედია სულ უფრო მეტად მოექცა მთავრობის კონტროლის ქვეშ - მიიღეს მედიის ახალი კანონები, ხოლო რამდენიმე კერძო მედიასაშუალება ან დაიხურა, ან ხელისუფლების მხარდამჭერმა ბიზნესმენებმა ჩაიგდეს ხელში.
ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს პრესის თავისუფლების ინდექსში უნგრეთი 2010 წელს დაკავებული 23-ე ადგილიდან 2026 წელს 74-ე ადგილზე დაეცა.





