უნგრეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა, 15 მაისს ბუდაპეშტში პირადად მოხსნა ღობე იმ ისტორიული შენობის გარშემო, რომელშიც მის წინამორბედს, ვიქტორ ორბანს, ოფისი ჰქონდა გახსნილი.
მადიარმა განაცხადა, რომ კარმელიტების სასახლე, რომელიც ციხესიმაგრის ბორცვზე მდებარეობს და მდინარე დუნაის გადაჰყურებს, საზოგადოებისთვის გაიხსნება მანამ, სანამ ხელისუფლება მის სამომავლო ფუნქციაზე ჩამოყალიბდება.
მანამდე მადიარმა თქვა, რომ პრემიერმინისტრის ოფისი კარმელიტების სასახლეში აღარ იქნება და ქვეყნის სამსახურს ქალაქის ადმინისტრაციული ნაწილიდან გააგრძელებს, რომელიც მდინარე დუნაის მეორე სანაპიროზე მდებარეობს.
კარმელიტების კათოლიკური მონასტრის შენობაში ორბანმა 2019 წელს გადაინაცვლა, 2021-ში კი მთავრობამ "მშენებლობის" საბაბით ობიექტი შემოღობა და მას შემდეგ კარმელიტების მონასტერი ორბანის მმართველობის სიმბოლოდ იქცა.
"უნგრეთში რეჟიმის ცვლილების შემდეგ კორდონების ადგილი აღარ არის," განუცხადა მადიარმა რეპორტიორებს. მისი თქმით, ინსტიტუტების აშენება "უნგრელი გადასახადების გადამხდელთა ფულით მოხდა და მათი სილამაზეც სწორედ ამ თანხებმა განაპირობა."
ცნობისთვის, გასულ თვეს ორბანის მმართველმა პარტიამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული უპირატესობით წააგო, რის შედეგადაც მადიარის პარტია Tisza-მ სუპერუმრავლესობით გაიმარჯვა და ახალ პარლამენტში 199-დან 141 ადგილი მოიპოვა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რიცხვია.




