სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი რუსეთში, დიმიტრი მედოევი, კოკოითის მემკვიდრეობის მიღებისთვის იბრძოლებს. მან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ” ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ის მიღებულია, ჩვენ ერთად შევძლებთ წესრიგის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში.” - განაცხადა მედოევმა ცხინვალში, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე, რომელიც მხარს უჭერს მის კანდიდატურას.
არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მარტში გაიმართება. მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც გასული წლის ნოემბრის არჩევნებზე ალა ჯიოევამ დაამარცა და რომელიც კრემლის და ედუარდ კოკოითის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა. მაშინდელი შედეგები, როგორც ცნობილია, დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ბათილად გამოაცხადა.




