გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციას განცხადების გავრცელებით გამოეხმაურა. მისი აზრით თუკი ვინმეს აქვს ეჭვი, რომ მოახლოებული არჩევნები რუსეთში არ იქნება ფარსი, სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები უნდა გაიხსენოს . გავრცელებულ განცხადებაში მაკკეინმა აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს სუვერენული საქართველოს ნაწილის ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და როცა იქ ჩატარებულ არჩევნებზე კრემლის კანდიდატი დამარცხდა , ამის გამო დე ფაქტო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, რუსმა პარლამენტარებმა და სხვა მაღალი ჩინის პირებმა კი მოიწონეს ეს გადაწყვეტილება. ” ამ კვირაში რუსი ხალხი წავა არჩევნებზე, მას არჩევნებზე წასვლა მოუწვეს მომავალი წლის მარტშიც და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მის სწრაფვას დემოკრატიისკენ, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი რუსეთში შესაძლოა ისევე დაექვემდებაროს მანიპულაციებს, როგორც ეს რუსეთის მეცადინეობით სამხრეთ ოსეთში მოხდა”- განაცხადა ჯონ მაკკეინმა. სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის ხელისუფლებას მოუწვეს გააცნობიეროს , რომ მის საზღვრებთან დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობს არ წარმოადგენს საშიშროებას და არამედ პირიქით უსაფრთხოებას უწყობს ხელს. ” ეს დღე სამწუხაროდ ჯერ არ დამდგარა და სანამ ასეა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მხარდაჭერა, სუვერენული საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად. ” - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

tbl.ge/zet
დაკოპირდა




