ცხინვალის არჩევნები

ალა ჯიოევა ცხინვალის საავადმყოფოში რჩება

 რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის , ალა ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მისი რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი განიხილება. სააგენტო ”იტარ-ტასი” ჯიოევას ცხინვალელ ექიმზე დაყრდნობით იუწყება, რომ 62 წლის ცხინვალელი ოპოზიციონერი გონზეა და ლაპარაკიც შეუძლია.

ალა ჯიოევა ჰიპერტონიული კრიზით საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს.  ჯიოევა ცუდად მაშინ გახდა, როცა მის შტაბ-ბინაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანები შეიჭრნენ. ვითარების დაძაბვამდე,  ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს  გამომძიებელმა მიაკითხა და დასაკითხად გაყოლა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ალა ჯიოევას  10 თებერვალს , ცხინვალში ” პრეზიდენტად ინაუგურაციის” ცერემონიალი ჰქონდა დანიშნული. გასული წლის ნოემბერში მან  ცხინვალის რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებში კოკოითის ფავორიტი კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა, თუმცა დე ფაქტო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა.  სასამართლოს  გადაწყვეტილებას ჯიოევას მომხრეები ცხინვალის ცენტრში , საპროტესტო აქციებით აპროტესტებდნენ. ჯიოევამ აქცია მასსა და ედუარდ კოკოითს შორის, რუსეთის წარმომადგენლის შუამავლობით, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაშალა და დათანხმდა მარტში, ხელახალი არჩევნების გამართავს. მოგვიანებით, შეთანხმებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ დათქმული პირობების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შესრულებულა.

გუშინ, ედუარდ კოკოითის დროებითმა შემცვლელმა,  ვადიმ ბროვცევმა ალა ჯიოევა ”კონსტიტუციური წესრიგის” წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.

 

კომენტარები